
11/09/2025
რა მძიმეა ასეთი ამბის სიტყვებად გადაქცევა... მაგრამ გული და ხსოვნა, რომელსაც ვახო ადამიანებში ტოვებდა, ყველაზე ნათელი სიტყვებით გვინდა გამოვთქვათ; ვახო ექიმი – სიმშვიდის და სინათლის ადამიანი; არ არსებობს სიტყვა, რომელიც ბოლომდე გადმოსცემს იმ შოკს, იმ ტკივილს, რაც ვახოს დაკარგვამ დაგვიტოვა...
ორშაბათს სამსახურში დაგვხვდა — ღიმილით, ხუმრობით, იმ ბუნებრივი სიკეთით, რაც მხოლოდ მის ხასიათს შეეძლო. სამშაბათს კი სამყარო შემოგვეცალა. ხმამაღლა ტირიან პაციენტები, რომლებიც მისი თბილი სიტყვით, მისი ხელით განიკურნენ. ჩვენ, მისი თანამშრომლები, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ, გონება ვერ ეჩვევა რეალობას, რომ აღარ გვყავს ვახო. ვახო იყო წყნარი, მშვიდი და საოცრად გაწონასწორებული ადამიანი; ისეთი, ვინც ხმას არასდროს აუწევდა, მაგრამ მის სიტყვას ყველანი ვუსმენდით. ჰყავს ერთი შვილი — მამუკა, 14 წლის ბიჭი, რომელსაც მუდამ თვალებში სითბოთი უყურებდა. მხარში მუდამ ედგა მისი მეუღლე თამუნა ჩინჩალაძე — ქალბატონი, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც საოცრად კეთილ და გულით მზრუნველ ადამიანს. ვახო იყო ის თანამშრომელი, ვის გვერდით ყოფნაც სასიამოვნო იყო. არასდროს გეტყოდა უარს დახმარებაზე. შენს გასაჭირს თავისად მიიღებდა. პაციენტებისთვის ის არ იყო უბრალოდ ექიმი — ის იყო ადამიანი, ვისაც ენდობოდნენ, ვისაც შიშით კი არა, იმედით აკითხავდნენ. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის გრძნობა, რომელიც გულიდან მოდის. ეს არის ჩვენგან თითოეულის ცრემლი, მადლიერება და სიყვარული — კაცისადმი, რომელმაც სიყვარულით ყველა ჩვენგანი გაამდიდრა. დღეს ვახოს გარეშე თითქოს დაცარიელდა ნაზარიშვილის კლინიკა; თუმცა მის სიმშვიდეს, მის ღიმილს და მის ხასიათს დროც კი ვერ წაშლის...