15/12/2025
შარდის ფერი: რას გვეუბნება ორგანიზმი ერთი შეხედვით?
ზოგჯერ საკმარისია ერთი შეხედვა, რომ ორგანიზმმა უკვე მიანიშნოს, ყველაფერი წესრიგშია თუ არა. შარდის ფერი სწორედ ასეთი სიგნალია მოკლე, მაგრამ ხშირად ძალიან ინფორმაციული.
ყველაზე ხშირი შემაშფოთებელი ნიშანი - ძალიან ინტენსიური, თითქმის ყავისფერი შარდია. თუ ფერი მუქ სპილენძისკენ იხრება, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ გაუწყლოებაზე: სიცხე, აბაზანა, სირბილი, ვირუსული ინფექცია მაღალი ტემპერატურით - ყველაფერი, რაც ორგანიზმს სითხეს აცლის.
მაგრამ თუ ფერი გამუდმებით ასეთია და მითუმეტეს, თუ კანის ან ლორწოვანი გარსების მოყვითალო შეფერილობაც ერთვის, აზრი ავტომატურად ღვიძლისა და ნაღვლის სადინარებისკენ მიდის. ზოგჯერ მიზეზი ჰემოლიზიც შეიძლება იყოს. ასეთ სიტუაციაში ექიმის ხელი თავისთავად იწევს ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტებისკენ.
არსებობს მუქი ფერის კიდევ ერთი ვარიანტი - როდესაც შარდი იღებს მომწვანო-მოყავისფრო, ოდნავ ჭაობის მსგავს ტონს. ასეთ ფერს ბილივერდინი აძლევს - ის მწვანე პიგმენტი, რომელიც ბილირუბინის დაშლისას წარმოიქმნება. ასეთი ფერის დანახვისას ავტომატურად ჩნდება ფიქრი ქოლესტაზზე, ნაღვლის სადინარის ქვით დახშობაზე, ხანგრძლივად მაღალი ბილირუბინის არსებობაზე. ზოგჯერ დამნაშავე მედიკამენტებია - მაგალითად, პროპოფოლი ან ციმეტიდინი (პირველი ზოგჯერ ნარკოზში გამოიყენება, ხოლო მეორეს, სიმართლე რომ ვთქვათ, უკვე დიდი ხანია აღარ ვიყენებთ). და მაშინვე ჩნდება კითხვები პაციენტთან: ხომ არ ჰქონია მარჯვენა ფერდქვეშ ჭრითი ტკივილი, გულისრევა, სიმწარე პირში, სიცხე - და საერთოდ, ხომ არ არის დრო, შეწყვიტოს ყველაფრის ჩამოწერა ფრაზაზე „ალბათ რაღაც არასწორი ვჭამე“.
გამჭვირვალე, თითქმის წყლისფერი შარდი უდანაშაულოდ გამოიყურება, თითქოს ჯანმრთელობა ჭარბად იღვრებოდეს. მაგრამ ზოგჯერ ეს ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმმა შარდის კონცენტრაციის უნარი დაკარგა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხოვრების წესთან და სითხის დიდი რაოდენობით მიღების კარგ ჩვევასთან.
თუმცა თუ შარდი მუდმივად „წყალივითაა“ მიღებული სითხის მიუხედავად, და ადამიანს თან ახლავს ხშირი შარდვა და დაუცხრომელი წყურვილი - ექიმის პირველი აზრი იქნება უშაქრო დიაბეტი ან ჰიპერგლიკემია ოსმოტური დიურეზით. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს სიგნალია დაფიქრდეს, რეალურად რამდენ სითხეს სვამს და ხომ არ აქვს პირის სიმშრალე, სისუსტე, ღამის შარდვა და აუხსნელი დაღლილობა.
მოვარდისფრო შარდი - ცალკე „ხელოვნების ჟანრია“. ყველაზე უწყინარი ვარიანტია ჭარხალი, რომელსაც ორგანიზმი „ხუმრობით“ სისხლის მსგავს შეფერილობად გარდაქმნის. ზოგჯერ ამას კენკრაც ახერხებს.
მაგრამ თუ მოვარდისფრო ან მოწითალო ფერს ვერ უკავშირებთ კვებას და თან ახლავს წვა, ხშირი მოშარდვის სურვილი ან წელის ტკივილი - ეს უკვე ნამდვილი წითელი ალამია პირდაპირი გაგებიღ. ჰემატურია - შარდში სისხლი - გვხვდება ცისტიტის, კენჭის, გლომერულონეფრიტის დროს და ზოგჯერ ბევრად უფრო სერიოზული მდგომარეობებისას. ასეთ შემთხვევაში ექიმის გარეშე ვერაფერს გახდებით, თუნდაც თავიდან გაგიჩნდეთ სურვილი ჭერს შეხედოთ და იფიქროთ, რომ „თავისით გაივლის“.
ასე გამოდის, რომ შარდის ფერი - ეს მოკლე, მაგრამ გულწრფელი ჩანაწერია, რომელსაც ორგანიზმი გვიტოვებს. და შორეული სტუდენტობის პერიოდში, ჩვენ ძალიან გასაგებად აგვიხსნეს: ამის წაკითხვას ექიმობა არ სჭირდება. საკმარისია ერთხელ გააცნობიერო, რომ ჩვეულებრივი ყვითელი , ღია ჩალისფერი სრულიად შემთხვევითი არ არის.