30/10/2025
ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურისა და ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა ჯგუფს. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები შეიძლება ცვლიდეს მის სტრუქტურასა და ფუნქციას ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია თიროიდული ჰორმონების (FT4, FT3) სინთეზია, თიროიდული ჰორმონები კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის ზრდა-განვითარებაში, მეტაბოლიზმის რეგულაციასა და რეპროდუქციაში. თიროიდული ჰორმონების გამომუშავება კონტროლდება თავის ტვინში არსებული ჯირკვლის- ჰიპოფიზის -მიერ სეკრეტირებული ჰორმონით-TSH, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პირველად სასკრინინგო ტესტს წარმოადგენს.
ორგანიზმისთვის საჭიროზე ნაკლები რაოდენობით თიროიდული ჰორმონების გამომუშავებას ეწოდება ჰიპოთირეოზი, რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
დაღლილობა, უენერგიობა, ლეთარგია
სხეულის მასის კლების გაძნელება
შეშუპება
სიცივის აუტანლობა
კანის სიმშრალე
თმის ცვენა
ძილიანობა
კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კიდურების სისუსტე
დეპრესიისკენ მიდრეკილება
ემოციური ლაბილობა
მეხსიარების დაქვეითება, კონცენტრირების გაძნელება
შეკრულობა
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ფერტილობის დაქვეითება
ოფლის გამოყოფის შემცირება
დაბინდული მხედველობა
სმენის დაქვეითება
ხმის ცვლილება
იოდით ადეკვატური მომარაგების მქონე ქვეყნებში ჰიპოთირეოზის წამყვანი მიზეზი ქრონიკული აუტოიმუნური თიროიდიტია, რომლის სადიაგნოსტიკოდ საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება: ANTI-TPO- ანტისხეულები თიროიდული პეროქსიდაზის მიმართ და ANTI-TG-ანტისხეულები თირეოგლობულინის მამართ.
ორგანიზმისთვის საჭიროზე მეტი რაოდენობით თიროიდული ჰორმონების გამომუშავებას ეწოდება ჰიპერთირეოზი (თირეოტოქსიკოზი), რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
ნერვული ფონის მატება
შფოთვა
გულისცემის აჩქარება
ოფლის გამოყოფის მატება
სითბოს აუტანლობა
ჰიპერაქტიურობა
კანკალი
დეფეკაციის სიხშირის გაზრდა
თირეოტოქსიკოზის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი გრეივსის დაავადებაა, რომელიც მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებებს და დიაგნოსტიკისთვის საჭიროებს შემდეგი ანტისხეულების ლაბორატორიულ განსაზვრას: anti TSH R-ანტისხულები თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის მიმართ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევების გამოვლინებები მრავალფეროვანია და ასოცირებულია სხვადასხვა დაავადებებთან. პაციენტის თანმხლები დაავადებები, ასაკი და რეპროდუქციული სტატუსი განსაზვრავს ფუნქციური ტესტების ინტერპრეტაციას.
ფუნქციის გარდა მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის შესწავლაც, სტრუქტურული დარღვევები შეიძლება თან ახლდეს ან იწვევდეს ფუნქციურ დარღვეევებს, თუმცა შეიძლება არსებობდეს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციური სტატუსის არსებობის დროსაც. თიროიდული ჯირკვლის სტრუქტურის შესაფასებელი ინსტრუმენტული კვლევა ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჯირკვლის ზომები, მოცულობა, ფორმა, პარენქიმის ექსოსტრუქტურა და ექოგენობა, კეროვანი ცვლილებების (მაგ: კვანძების, ცისტების) არსებობა, ანთებითი და დიფუზური ცვლილებები.
შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური და სტრუქტურული სტატუსის შესასწავლად საწყის ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს შემდეგი კვლევები:
TSH
FT4
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
აღნიშნული კვლევების ენდოკრინოლოგის მიერ ინტერპრეტაციის შემდგომ განისაზღვრება დამატებითი კვლევების საჭიროება.