07/01/2021
შობასა და ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო.
ბედნიერი, მშვიდი და ოცნებების ახდენის წელი დაგვდგომოდეს ყველას.
სწორი და ჯანსაღი კვება უკვე ყველასთვის ნაცნობი თემაა. სელის თესლიც ჯანსაღი კვების ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია.
სელის თესლში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ნივთიერებათა ცვლის პროცესს აწესრიგებს და ორგანიზმის მჟავიანობის პროცესს ამცირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერება შეიძლება შევაფერხოთ.
ორგანიზმა ადვილად რომ შეითვისოს ამ პროდუქტის მიკროელემენტები, მას ფქვავენ ყავის საფქვავში. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ თავიდან 1 ჩაის კოვზზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული.
სელის თესლის დახმარებით წონაში დაკლებაც უფრო ადვილია.
წონაში დასაკლებად: მიიღეთ ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 21 დღე შეისვენეთ. პირველი კვირის განმავლობაში მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, მეორე კვირის განმავლობაში 2 ჩაის კოვზი, მესამე კვირის განმავლობაში 3 ჩაის კოვზი. შემდეგ 21 დღე აუცილებლად დაისვენეთ.
დაფქვილი სელის თესლი შეგიძლიათ დაუმატოთ დილით ჰერკულესის ფაფას (ჰერკულესის ფაფის ჩემებური რეცეპტი იხილეთ სტატიის ბოლოს) ან 1 ჭიქა მაწონთან ერთად მიიღოთ.
სელის თესლს ასევე უმატებენ პურისა და ფუნთუშების ცხობისას. ცომის გუნდას წაუსვით წყალი და ამოავლეთ სელის თესლში. სელის თესლი პურსაც და ფუნთუშებსაც გააგემრიელებს და სასარგებლოდაც აქცევს.
სელის თესლი ბევრ სასარგებლო მიკრო და მაკრო ელემენტებს და ნახევრად გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც ლამაზი თმებისა და ჯანსაღი კანისთვის აუცილებელია. გარდა ამისა სელის თესლის გარსის ლორწოვანი სტრუქტურა ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს, მას ფეკალური მასისა და შლაკებისგან წმენდს.
ჰერკულესის მსგავსად, სელის თესლითაც დანაყრებას უფრო მალე გრძნობთ, რის გამოც უფრო ნაკლების ჭამას ეჩვევით. სელის თესლი შიმშილის გრძნობას გიქრობთ, კუჭის მოცულობა მცირდება და მომავალში უფრო მცირე რაოდენობის საკვები დაგანაყრებთ.
სელის თესლის სწორი მიღების შემთხვევაში თვეში 3 კგ-ს დაკლებას შეძლებთ. და ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე!
მხოლოდ სელის თესლი წინასწარ არ დაფქვათ, არც მაწონში დალბობილი გააჩეროთ დიდხანს. სელის თესლი თავის თვისებებს სწრაფად კარგავს. მომზადებისთანავე მიიღეთ შეძლებისდაგვარად.
სელის თესლის რეგულარულად გამოყენების შეთხვევაში შესვენება გააკეთეთ – 21 დღიანი კურსი, შემდეგ 21 დღე დაისვენეთ. ბევრი წყალი დალიეთ, რომ შეკრულობა თავიდან აიცილოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ იდეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია დღეში 2 ლ წყლის დალევა.
მნიშვნელოვანია! ადამიანებს, რომელთაც კვერცხის ცილაზე ან კაკალზე ალერგია აქვთ, სელის თესლის მოხმარების დროს სიფრთხილე მართებთ.
და ბოლოს ჰერკულესის ფაფის ჩემი რეცეპტი: 2ს. კ. ჰერკულესი გარეცხეთ. დაასხით მდუღარე წყალი, ისე რომ ოდნავ დაფაროს. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, 5 ლებანი დაჭრილი ნიგოზი, 3 ცალი დაჭრილი თხილი, 2 ცალი დაჭრილი ნუში, 1 ჩ.კ. დაფქვილი სელის თესლი და 1/2 ჩ.კ. დარიჩინი. აურიეთ და დილის გემრიელი დესერტი მზად არის. თუ ფაფა ბავშვებსაც უნდა გაუნაწილოთ, სელის თესლი მხოლოდ თქვენთვის დაიმატეთ. ბავშვებს მხოლოდ პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ მიეცით სელის თესლი.
ჯანმრთელობას გისურვებთ. წონაში დაკლების მსურველებმა კი მოგვწერეთ რეცეპტებისთვის.