13/04/2015
https://www.facebook.com/patriarqi2/photos/a.10150772539389881.415992.168300249880/10153706306124881/?type=1
1579 წელს, სულთან მურად მართლის მმართველობისას, სომეხმა მონოფიზიტებმა მოისყიდეს იერუსალიმის ფაშა, რომ დიდ შაბათს ქრისტეს აღდგომის ტაძარში მარტო ისინი ყოფილიყვნენ. მართლმადიდებლები ტაძარში არ შეუშვეს. ისინი, პატრიარქ სოფრონიოს IV-სთან ერთად ტაძრის დაკეტილი კარების წინ, მოედანზე იდგნენ აცრემლებულნი და გულშემუსვრილნი იმედოვნებდნენ, მადლმოსილი ცეცხლი ერეტიკოსების ხელთაგან მაინც მიეღოთ.
მათ იანიჩრები თვალს ადევნებდნენ მოსალოდნელი უწესრიგობისგან თავის დასაზღვევად. უფლის საფლავის ტაძრის გვერდით დაახლოებით იმავე სიმაღლის შენობა დგას. ამ შენობის ზედა სართულის ვერანდაზე, სადარაჯო პუნქტში, იდგა ოფიცერი ომარი თავის ჯარისკაცებთან ერთად.
ნათელი და მოწმენდილი იყო აპრილის ის დღე. გადიოდა საათები. უკვე კარგა ხანია გაიარა იმ დრომაც, როცა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის ხოლმე (ჩვენი დროით დაახლოებით დღის ორ საათზე), მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი კათოლიკოსი გულმოდგინედ ლოცულობდა უფლის საფლავის წინ, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი არ გარდამოდიოდა. უეცრად მეხმა იქუხა, ტაძრის ერთ-ერთი მარმარილოს სვეტი გასკდა და ამ ბზარიდან ცეცხლი გამოვარდა. ტაძრის წინ მლოცველი მართლმადიდებელი პატრიარქი წამოდგა და თავისი სანთლები აანთო. მისგან მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი ყველა მართლმადიდებელმა და ტაძარში მოსულმა სხვა აღმსარებლებმა.