
24/06/2025
23 ივნისს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარდა კონფერენცია ბავშვთა განვითარების აქტუალურ საკითხებზე.
საკითხი, რომელიც ჯანდაცვის სისტემის და განათლების სფეროს საერთო ინტერესია, აქტუალური გახდა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში, მოზარდების ჯანმრთელობაზე დამაზიანებლად აისახება ისეთი ფაქტორების ზეგავლენის ზრდა, როგორიცაა სკოლებში ფიზიკური ინაქტივაცია, ფსიქიკური გადატვირთვა, ეკრანზე ჭარბად გატარებული დრო, არაჯანსაღი კვება და სხვა გარემოს ფაქტორები.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ბატონმა სოლონ ფუტკარაძემ და საავადმყოფოს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბატონმა ილია ნაკაშიძემ.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები,
ლელა სურმქნიძე და ილია ვერძაძე.
კონფერენციის ერთერთი ინიციატორი გახლდათ, პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონ გულნარა აბაშიძე, რომელმაც წარმოადგინა თემა ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სასწავლო გარემოში’’.
კონფერენციაში მონაწილე პედიატრებმა, ოჯახის ექიმებმა, ფსიქიატრებმა, გასტროენტეროლოგებმა და ბავშვთა სტომატოლოგებმა წარადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე: ბავშვთა ასაკის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემები, აუტიზმის სპექტრის დარღვევები და მხარდაჭერის მექანიზმები, ჯანსაღი კვება, როგორც პირის ღრუს სწორი განვითარების საფუძველი, გასტროენტერიტების გავრცელების სეზონური ტენდენციები ბავშვებში, პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობა და სხვა, იმსჯელეს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის კონცეპტუალური ჩარჩოს და პრევენციის გზების შემუშავებაზე. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს საინტერესო მოხსენებებისთვის