14/06/2025
♿ დღეს 14 ივნისია, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე.
• ამ დღეს ჩვენ, შშმ პირთა თემი, არაფერს ვზეიმობთ და ვულოცავთ ერთმანეთს (რადგან ეს დღესასწაული არაა), არამედ - კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენი ფუნდამენტური ადამიანური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის აუცილებლობას: ვახსენებთ შესაბამისი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ სხვა ინსტიტუციებს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
• ჩვენი უფლებების ხელყოფა, მარგინალიზება და სეგრეგირება წლებია გრძელდება და, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობასთან ბრძოლა სათანადოდ არ ხდება. უფრო მეტიც, ბოლო წლებია შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუარესება თვალსაჩინო გახდა საქართველოში, ჩვენი თემი კვლავ ,,გარიყულია" საჯარო პოლიტიკიდან და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, არ გვისმენენ და არ გვპასუხობენ, რისი დასტურიც ,,ინკლუზიური განათლების სამმართველოს’’ რეორგანიზების საფუძვლით მისი მოულოდნელი გაუქმებაა, რაც მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ინკლუზიური განათლება ნაკლებად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია განათლების სისტემისათვის, ,,რეფორმებს" კი შშმ პირთა უფლებების ,,დასაცავად" შშმ პირთა მონაწილეობის გარეშე წყვეტენ. ინკლუზიური განათლების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო და არა კადრების ,,გადანაცვლებ-გადმონაცვლება " ან ჩანაცვლება. დღეს საჭიროა სასკოლო, სკოლამდელი და უმაღლესი განათლების დაწესებულებების კვალიფიციური კადრებით, ადეკვატური ინვენტარითა და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა და არა უბრალოდ განათლების სისტემაში კიდევ მორიგი სტრუქტურული ცვლილებების გატარება, რომელსაც წლებია შედეგი არ მოაქვს.
✅ დღეს ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები, რომლებიც საჯარო დისკურსში ჩვენი სრული ინკლუზიის ხელის შემშლელ ფაქტორებს გამოკვეთს და გახსნის სალაპარაკო სივრცეს: არის თუ არა გარემო მისაწვდომი ნებისმიერი შეზღუდვის მქონე პირისათვის? უზრუნველყოფს ჩვენი სამართლებრივი სისტემა თანასწორობას არამხოლოდ ,,ფურცელზე", არამედ პრაქტიკაშიც? ინკლუზიაზე მხოლოდ საუბარს ვახერხებთ თუ შეგვიძლია ვიცხოვროთ ინკლუზიურ საზოგადოებაში?
🔴 საჭიროა, გვახსოვდეს, რომ გარემოსა და სერვისების მისაწვდომობა არ არის ქველმოქმედება - ეს სამართლებრივი ვალდებულებაა, ხოლო საზოგადოებაში ინკლუზია კი - სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი!