ფარმაპლუსი

ფარმაპლუსი აფთიაქი ქალაქის ცენტრში ,სადაც თქვენ?

19/01/2015

გილოცავთ ნათლისღებას!!!

06/01/2015

შობას გილოცავთ!!! დიდება უფალს!!!

29/12/2014

გისურვებთ, ჯანმრთელობით აღსავსე კვირას!!

23/12/2014

ცელულიტის შესახებ

კანქვეშ დაგროვილი ცხიმი, ვისაც გნებავთ, იმას გაუფუჭებს გუნებას. კიდევ უფრო საშინელი ის არის, რომ სიარულის დროს სხეული ჟელესავით თახთახებს. ამას ხშირად შეცდომით ცელულიტს უწოდებენ. ეს სიტყვა პირველად 1973 წელს გამოიყენეს. მიიჩნევა, რომ ცელულიტი აქვს 18 წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ქალს. ეს პრობლემა ბოლომდე შესწავლილი არ არის, რაც მრავალი უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებას იწვევს.

არის თუ არა ცელულიტი დაავადება?
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ის ქალისთვის უფრო ფიზიოლოგიური ნორმა - მეორეული სასქესო ნიშანია, ზოგიერთის აზრით კი ეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაავადებაა. ცხიმოვან ქსოვილსა და კანს შორის არსებული ცელულიტური უჯრედების უთხელესი შრის მოცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. უახლესმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ცელულიტსა და ესტროგენებს (ქალურ ჰორმონებს) შორის. ქალის ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე იმატებს. მაშასადამე, ეს მოვლენა გარკვეულ ზღვრამდე ბუნებრივიცაა. ამ ფენომენის პროგრესირებასა და მახინჯი ფორმების მიღებას მრავალი მიზეზი უწყობს ხელს: ჰორმონული კონტრაცეპტივები, ლუდი, არარაციონალური კვება და სხვა. მართალია, სუფიქსი „-იტი“ ანთებას ნიშნავს, მაგრამ ცელულიტის დროს ის არ დასტურდება, ამიტომ დღესდღეობით უფრო ზუსტ ტერმინებად მიიჩნევა ლიპოსკლეროზი, ლოკალიზებული ჰიდროლიპოდისტროფია.

შესაძლებელია თუ არა ცელულიტთან გამკლავება ჟელეებითა და კრემებით?
მთლად ასეც არ არის. ისინი რამდენადმე ჭიმავენ კანს, მაგრამ საკუთრივ ცელულიტურ უჯრედებზე არ მოქმედებენ. მათ არ შეუძლიათ მიზეზის აღმოფხვრა - უჯრედების გამომტანი არხების გახსნა.

შესაძლებელია თუ არა ცელულიტის დამარცხება მასაჟისა და ტრენაჟორების საშუალებით?
სამწუხაროდ, არა. ეფექტი შესაძლოა უარყოფითიც კი იყოს. შესაძლოა, ცხიმოვანი შრე მართლაც შემცირდეს, მაგრამ ეფექტი ხანმოკლე იქნება და ამ გზით ცელულიტის პროგრესირებას ვერ შევანელებთ.

ერთი და იგივეა თუ არა სიმსუქნე და ცელულიტი?
არა, ეს ორი სხვადასხვა რამაა. ცელულიტური არხების დახშობა ჰორმონული ბალანსისა და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევისას ხდება, მაშინაც კი, თუ გახდომას გადაწყვეტთ და მკაცრ დიეტას დაიცავთ. წონის კლება მისგან ვერ გიხსნით.

ცელულიტი მხოლოდ ასაკოვანი ქალების ხვედრია?
ასაკი გადამწყვეტი არ არის. ცელულიტი შეიძლება განუვითარდეს 15 წლის გოგონასაც და ბალზაკის ასაკის ქალსაც.

შველის თუ არა ცელულიტს ლიპოსაქცია?
ლიპოსაქცია აცილებს კანქვეშ არსებულ ცხიმგროვებს, საკუთრივ ცელულიტს ის ვერ კურნავს.

ეფექტურია თუ არა ცელულიტის საწინააღმდეგო კოლგოტები?
მხოლოდ საწყის სტადიაზე. როდესაც ცელულიტი უკვე აშკარაა, ისინი უსარგებლოა.

23/12/2014

როგორ უნდა გამოვლინდეს კიბო ადრეულ სტადიაზე

ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული გამოვლენის აბსოლუტური ალგორითმი, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ შემუშავებულია ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის მეთოდიკა , რომელსაც განუწყვეტლივ სრულყოფენ. კვლევის რამდენიმე აღიარებულმა მეთოდმა დღეისთვის აქტუალურობა დაკარგა. ასეთია, მაგალითად, ფილტვების კიბოს გამოსავლენი ფლუოროგრაფია (თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად ავლენს ტუბერკულოზს, ამიტომ მისი ჩატარება აუცილებელია), თვითგასინჯვა მკერდის კიბოს გამოვლენის მიზნით. საეჭვოდ არის მიჩნეული ტესტირება პროსტატასპეციფიკურ ანტისხეულებზე წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსავლენად.
ამჟამად სკრინინგის ეფექტურ მეთოდებად ითვლება მამოგრაფია (სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა), საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა, განავლის ტესტირება ფარულ სისხლდენაზე და კოლონოსკოპია (სწორი ნაწლავის გამოკვლევა). უფრო და უფრო იხვეწება ონკოლოგიურ დაავადებათა გენეტიკური მარკერების სკრინინგი. ასიდან 30-40 შემთხვევაში ამ ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია მკერდის კიბოსადმი განწყობაზე პასუხისმგებელი გენების BRCA 1-ისა და BRCA 2-ის მუტაციის გამოვლენა. სამწუხაროდ, მეთოდის სიძვირის გამო მასობრივი გენეტიკური სკრინინგი ჯერჯერობით დასავლეთის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი.

16/12/2014

ფიჭის ღეჭვა ღრძილებს ამაგრებს

ფიჭის თაფლი უძველესი დროიდან ფასობს ხალხში - არა მარტო არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის, არამედ საუკეთესო სამკურნალო თვისებების გამოც . ცნობილია, რომ მას გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი უნარი აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალიან უხდება პირის ღრუს ანთებით დაავადებებს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს.
თაფლიანი ფიჭა ცვილის საცობითურთ უნდა დაღეჭოთ. მოჭერით პატარა ნაჭერი და ღეჭეთ 10-15 წუთი. 2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთება 2-3 დღეში გაგივლით.

16/12/2014

პიგმენტური ლაქები

კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა თეორიულად ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ისინი ახალგაზრდას გაუჩნდა, მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები, საეჭვო ხარისხის კოსმეტიკის ხანგრძლივი გამოყენება, ზოგიერთი კონტრაცეპტივის ან სამკურნალო საშუალების მიღება.

პიგმენტური ლაქების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაბერებაა. ორმოცი-ორმოცდაათი წლიდან ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ჩნდება. რისი ბრალია ეს? უმთავრესად იმისა, რომ უჯრედები თანდათანობით კარგავს პიგმენტის წარმოების შეწყვეტის უნარს. სიტუაციის გაურესება მენოპაუზის თანმხლებ ჰორმონულ დისბალანსსაც შეუძლია. ამდენად, პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს:

ქალური დაავადებების (საკვერცხეების დისფუნქცია, ანთებითი დაავადებები) და ორსულობის დროს;
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს;
ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შედეგად;
შარდსასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად;
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას;
ნერვული და ქრონიკული დაავადებების ფონზე;
მაღალ ტემპერატურაზე ქიმიურ ნივთიერებებთან სისტემატური მუშაობისას;
С ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში;
ძლიერ გამღიზიანებელი კრემებისა და მალამოების გამოყენებისას;
ტრავმების შედეგად.

სახეზე პიგმენტური ლაქების გაჩენაში დიდ როლს ასრულებს მზე, ამიტომ ლაქები, ისევე როგორც ჭორფლი, გაზაფხულის მზის პირველი სხივების მოხვედრისთანავე უფრო მკაფიოდ ჩნდება. მათი გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა ვერიდოთ მზეს და დავიცვათ სახის კანი. პიგმენტური ლაქები განსაკუთრებით გარუჯვის შემდეგ ჩნდება, ამიტომ, როცა მათეთრებელი კოსმეტიკის წყალობით მათგან გათავისუფლდებით, ეცადეთ, მომავალში თავი არიდოთ მზეს. კანის ჰიპერპიგმენტაცია შესაძლოა გამოიწვიოს კოსმეტიკამ ან სახის არასწორმა მოვლამ, მათ შორის - სქრაბითა და პილინგკრემით არასწორმა წმენდამ (წელიწადის დროის უგულებელყოფით), სხეულის ღია ადგილებზე სუნამოს დაპკურებამ - ეთერზეთები ზრდის მზის სხივებისადმი კანის მგრძნობელობას, შედეგად ვიღებთ ფოტოდერმატიტს, შემდგომ კი პიგმენტაციას. პიგმენტური ლაქების გაჩენაში შესაძლოა კოსმეტიკური საშუალებების ქიმიურ შემადგენლობასაც მიუძღოდეს ბრალი.

ორსულობის ნიშანი
ზოგიერთ ქალს ორსულობის დასაწყისშივე უჩნდება სახეზე ქლოაზმები - სხვადასხვა ზომის მკვეთრად შემოსაზღვრული უსწორმასწოროკონტურებიანი პიგმენტური ლაქები. ქლოაზმის სახესხვაობაა ვიწრო ლენტისებური ხაზი, რო­მელიც თაღისებურად კვეთს შუბლს ერთი ყვრიმალიდან მეორისკენ. გაზაფხულზე შესამჩნევი ხდება ჭორფლი, რომელიც მიმოფანტულია კანზე მრგვალი ან ოვალური პიგმენტური ლაქების სახით. ლაქები მოყვითალო ფერისაა და ერთმანეთს არ ერწყმის. მუქ კანზე ქლოაზმა ნაკლებად შესამჩნევია. ლაქები რჩება ორსულობის ბოლომდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ნელ-ნელა ქრება, თუმცა იშვიათად წლობითაც შემორჩება კანს. ორსულობის დროს ქლოაზმებისა და ჭორფლის მკურნალობა მხოლოდ სუსტი მოქმედების საშუალებებით შეიძლება. მართალია, პროცესის ხანგრძლივობა იზრდება და ჭოროფლიც ძნელად უფერულდება, მაგრამ კანი დაცულია პრეპარატების უარყოფითი მოქმედებისგან. ტრადიციული პრეპარატების: ვერცხლისწყლის, სალიცილის მჟავას, ჰიდროქინონის - გამოყენება უკუნაჩვენებია ქალისა და ნაყოფის ორგანიზმზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო. პიგმენტური ლაქების მკურნალობას ორსულობის დროს აზრი არ აქვს, მათ მშობიარობის შემდეგ უნდა მივხედოთ, თუ თავისთავად არ გაქრა.

რაზე მიუთითებს ხელებზე არსებული პიგმენტური ლაქები
თუ ფეხებზე ლაქები შეიძლება წინდებით დავფაროთ, ხოლო სახეზე - მაკიაჟით, ხელებზე მათი შენიღბვა რამდენადმე ძნელია. სწორედ ხელები გასცემს ადამიანის ჭეშმარიტ ასაკს. ხელის ზურგს მზის სხივები მეტად ეცემა, ვიდრე სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილს და ასაკთან ერთად იქ ჩნდება ჰიპერპიგმენტაციის ზონები - მზის ლენტიგო. ზოგჯერ მას ღვიძლისმიერ ან სიბერის ლაქებს უწოდებენ. მზის ლენტიგო კანზე მზის სხივების რეგულარული ზემოქმედების შედეგია. გარუჯვისას ლაქები მუქდება ირგვლივ არსებულ კანთან ერთად, მაგრამ როდესაც რუჯი უფერულდება, მზის ლენტიგოს უბნები მუქი რჩება. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს მელანინის წარმომქმნელ უჯრედებს - მელანოციტებს, რომლებიც დერმის სისქეში მდებარეობს. დროთა განმავლობაში დაზიანებული მელანოციტები წარმოქმნიან სიბერის ლაქებად ცნობილ მუქ უბნებს. მიუხედავად უვნებლობისა, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები სერიოზული ესთეტიკური პრობლემაა. თუ არ ვუმკურნალეთ, გამრავლდება, რაც ქალებს არასრულფასოვნების გრძნობას და ნაადრევი სიბერის განცდას უჩენს. მზისგან თავის დაცვით ჩვენ საკუთარ მომავალზეც ვზრუნავთ. წლის მზიან პერიოდში ხელების დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა. გარდა ამისა, შეიძლება მათეთრებელი პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც იმავდროულად აღადგენს და არბილებს მშრალ, მოშვებულ კანს, აახალგაზრდავებს და ალამაზებს მას.

12/12/2014

კუჭის ტკივილის მიზეზები

ტკივილს, რომელსაც, ჩვეულებრივ, კუჭის არეში ტკივილს ვუწოდებთ, მედიცინაში ეპიგასტრიუმის ტკივილი ჰქვია. სწორედ ეპიგასტრიუმი ეწოდება მუცლის ზედა ნაწილში, ნეკნების ერთმანეთთან შეერთების ადგილას (გულის კოვზის ქვემოთ) მდებარე უბანს. ადამიანები, რომლებსაც ამ არეში ლოკალიზებული ტკივილი აწუხებთ, აღნიშნული სიმპტომით უმეტესად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ იტანჯებიან. ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს მაშინაც, თუ ჭამის შემდეგ წამოწვებით.

კუჭის არეში ტკივილი სრულიად სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა წვენი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება. როცა ეს მოვლენა ხშირდება და ხანგრძლივდება, ვითარდება შემაწუხებელი გულძმარვა, ხოლო საყლაპავის გაღიზიანების გამო ტკივილიც აღმოცენდება. საყლაპავთან დაკავშირებულ ტკივილს აძლიერებს მკვეთრი დახრა, დიდი რაოდენობით საკვების მიღება, წამოწოლა მაძღრისად ჭამის შემდეგ. კუჭის არეში ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, მაგალითად, გასტრიტი - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება - ან პანკრეატიტი - კუჭუკანა ჯირკვლის ანთება, ასევე - საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი მძიმე დაავადებები, როგორებიცაა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ამ შემთხვევებში ტკივილის შეგრძნება ხშირად საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ქრონიკული ხასიათიც მიიღოს.

როგორია ტკივილი
ეპიგასტრიუმში ლოკალიზებული ტკივილი სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობისაა. ზოგიერთი უჩივის მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს, რომელიც ჭამის შემდეგ აღმოცენდება და მალევე ქრება, ზოგი კი ძლიერ, მწველ ტკივილს, რომელიც მხოლოდ კუჭის არეს კი არ მოიცავს, არამედ გადაეცემა მთელ მუცელს, გულმკერდს, კისერს, არღვევს ძილს. უშუალოდ კუჭის დაავადებასთან დაკავშირებულ ტკივილს განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. ის შეიძლება იყოს მწველი, მჩხვლეტი, მბურღავი, ჭიმვადი, მჭრელი. ტკივილი მუდმივი ან პერიოდულია, ზოგჯერ შეტევით ხასიათს იღებს. მუდმივი ტკივილი გრძელდება დღეების, კვირების, ზოგჯერ თვეების განმავლობაში. მართალია, მისი ინტენსივობა ცვალებადია - ხან იმატებს, ხან კი იკლებს, მაგრამ თითქმის არასოდეს ქრება. მუდმივი ტკივილი თან ახლავს კუჭის წყლულს, კერძოდ, დაავადების შორს წასულ შემთხვევებს, როცა ვითარდება ორგანოს მფარავი პერიტონეუმის ანთება ან წყლული მიმდებარე ორგანოებზე ვრცელდება. განსაკუთრებით ძლიერი, შემაწუხებელი და უწყვეტია ტკივილი კუჭის კიბოს დროს, თუმცა ზოგჯერ ამ დაავადებით გამოწვეულმა ტკივილმაც შეიძლება მიიღოს შეტევითი ხასიათი. კუჭის წყლულის თანმხლები ტკივილი არა მარტო მუდმივი, არამედ პერიოდულიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება აღმოცენდება მაშინ, როცა კუჭის სეკრეცია ანუ მისი წვენის გამოყოფა მაქსიმალურია. ჩვეულებრივ, ასე ხდება საკვების მიღებიდან განსაზღვრული ხნის - 15-30 წუთის ან 2-3 საათის შემდეგ. ტკივილის აღმოცენება განსაზღვრული კანონზომიერებით განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი, როცა პაციენტი ერთსა და იმავე დროს იღებს საკვებს. კუჭის წყლულთან დაკავშირებული ტკივილი, ჩვეულებრივ, იწყება უშუალოდ კუჭის არიდან (მკერდის ძვლის დაბოლოების, ეგრეთ წოდებული გულის კოვზის მიდამოდან), მწველია, თანდათან იღებს მგლეჯავ და მჩქმეტავ ხასიათს, თან სდევს გულძმარვა, შესაძლოა მოჰყვეს ღებინებაც, რის შემდეგაც ტკივილის ინტენსივობა მცირდება. ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტი ეძებს მოხერხებულ პოზას და ცდილობს, ის აღარ შეიცვალოს. მაგალითად, ზის ან წევს, წინ არის დახრილი, ქვედა კიდურები მუცლისკენ აქვს მიზიდული, ხელები კი კუჭზე უწყვია. საინტერესოა ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორები. კუჭის წყლულთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს უხეში, გამღიზიანებელი, მჟავე საკვების მიღების შემდეგ. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნებას იწვევს გაციება, აღელვება, დაღლა, ფიზიკური დაძაბვა. ზოგჯერ კუჭის არეში ვითარდება ყრუ ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხზე დგომისას და სწრაფად სუსტდება ან სრულიად ქრება დაწოლისას. ასეთი ტკივილი კუჭის დაწევისთვის არის დამახასიათებელი და განპირობებულია ორგანოს დაწევის გამო პერიტონეუმის იოგებისა და ნერვული წნულების დაჭიმვით. კუჭის არეში ტკივილი ყოველთვის იზოლირებულია. მას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სიმტომებიც. თანმხლები სიმპტომატიკის არსებობა ტკივილის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. ამ სიმპტომთაგან საყურადღებოა:

მთელ მუცელში გავრცელებული ტკივილი;
მუცლის შებერვა, ყურყური, აირების დაგროვება;
ბოყინი;
წვის შეგრძნება მუცელსა და გულმკერდში;
შეკრულობა;
ფაღარათი;
მეტეორიზმი;
გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე;
ტკივილი გულმკერდში.

უჭის არეში ტკივილის მიზეზები
როგორც უკვე ვთქვით, კუჭის არეში ტკივილს სხვადასხვა დაავადება იწევს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

გასტრიტი;
გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
ლაქტოზის აუტანლობა;
მედიკამენტების გვერდითი ეფექტი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ტკივილის მიზეზი გასტრიტია, რომელსაც მედიკამენტურ გასტრიტს უწოდებენ. გარდა ამ ფართოდ გავრცელებული მიზეზებისა, ეპიგასტრიუმში ტკივილს განაპირობებს:
ბარეტის საყლაპავი - საყლაპავის ლორწოვანი გარსის უჯრედების ცვლილება, რასაც შემდგომ შესაძლოა საყლაპავის კიბო მოჰყვეს;
ეზოფაგიტი - საყლაპავის ანთება;
ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა;
საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
პანკრეასის კიბო;
პანკრეატიტი ანუ პანკრეასის ანთება;
კუჭის წყლული;
კუჭის ან საყლაპავის კიბო.

ვუპასუხოთ კითხვებს
“დამნაშავის” დასადგენად ექიმს თავდაპირველად რამდენიმე ფაქტორის დაზუსტება მოუწევს, რის გამოც პაციენტს, სავარაუდოდ, განსაზღვრულ კითხვებს დაუსვამს, სახელდობრ:

რამდენად ხანგრძლივია ტკივილი;
მკვეთრად ძლიერდება თუ არა ის განსაზღვრულ პერიოდში;
იტანს თუ არა პაციენტი რძესა და მისი შაქრის შემცველ პროდუქტებს;
ხომ არ აქვს სტენოკარდია ან გულის დაავადება;
ახლავს თუ არა ტკივილს სხვა სიმპტომები;
ხომ არ იღებდა ტკივილის აღმოცენებამდე რაიმე პრეპარატს;
რომელ პრეპარატებს იღებს ტკივილის შესამცირებლად;
სად არის ტკივილი ლოკალიზებული.

რა გართულებებია მოსალოდნელი კუჭის არის ტკივილის დროს
კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი თავისთავად არ იწვევს რაიმე გართულებას, თუმცა მუდმივი დისკომფორტი აუარესებს ცხოვრების ხარისხს და არცთუ იშვიათად საკვების მიღების სასიამოვნო პროცესს ტკივილის მოლოდინის შემაწუხებელი შეგრძნება ცვლის. არცთუ იშვიათად ამ რთული სიტაუაციიდან პაციენტები მარტივ “გამოსავალს” პოულობენ - თავს არიდებენ კვებას, რაც წონის კლების მიზეზად იქცევა. პაციენტი სუსტდება, მას ადვილად ემართება ის დაავადებები, რომელთა განვითარების ალბათობას ცუდი კვება ზრდის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კუჭის არეში ლოკალიზებული ტკივილი შეიძლება სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. ამ დაავადებათაგან აღსანიშნავია:

საყლაპავის, კუჭის ან სხვა ორგანოთა სიმსივნე;
საყლაპავის შევიწროება - სტრიქტურა;
მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის შეტევა.

რასაკვირველია, კუჭის ტკივილის შემთხვევათა მხოლოდ მცირე ნაწილია გამოწვეული ამ მძიმე დაავადებებით. ექიმი პაციენტის გამოკითხვისა და მისი გასინჯვის საფუძველზე განსაზღვრავს მათ ალბათობას და საჭიროებისას სათანადო კვლევას გეგმავს.

როგორ შევამციროთ ტკივილი
განსაზღვრული ღონისძიებების მეშვეობით საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება შემცირდეს ან სრულიად გაქრეს. მაგალითად, ექიმთან მისვლამდე ფარმაცევტის რჩევით შეგიძლიათ მიიღოთ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები თხევადი (2 სუფრის კოვზი) ან ტაბლეტირებული სახით. ამ ღონისძიების ეფექტურობა ადასტურებს, რომ ტკივილის მიზეზი კუჭის ან საყლაპავის დაავადებაა.

როდის არის აუცილებელი სასწრაფო დახმარება
როგორც აღვნიშნეთ, კუჭის მიდამოს ტკივილი ზოგჯერ მძიმე დაავადების გამოხატულებაა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დროულ სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება მდგომარეობას, როცა ტკივილი:

ვრცელდება გულმკერდისაკენ, თან ახლავს შებოჭვის, გულის ფრიალის შეგრძნება;
ვრცელდება ბეჭებისა და ზედა კიდურებისკენ და აქვს მფეთქავი ხასიათი;
თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ხიხინი;
თან ახლავს სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის ნალექის მსგავსი მასით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
11/12/2014

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

pres-cavcasia.ge.TV წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემას რუბრიკით ''ჯანმრთელობა'' - ''ექიმი და პაციენტი''. დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეტად აქტუალურ და ადა...

11/12/2014

ვირუსული კონიუნქტივიტი

ვირუსული კონიუნქტივიტი კონიუნქტივის - თვალის ლორწოვანი გარსის (როგორც სკლერის მფარავის, ასევე ქუთუთოების შიგნითა ზედაპირის ამომფენის) - ვირუსული ინფექციით გამოწვეული ანთებაა. ის უმეტესად ზედა სასუნთქი გზების ადენოვირუსულ ან ჰერპესულ ინფექციას უკავშირდება. შესაძლოა განვითარდეს იმუნიტეტის დასუსტების, უბრალო გაციების ან ყელის ტკივილის დროს. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ვირუსული კონიუნქტივიტი ძალიან გახშირდა. დაავადება გადამდებია და არცთუ იშვიათად ეპიდემიის სახესაც იღებს. კონიუნქტივიტი უამრავმა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს.

რა უწევს პროვოცირებას
თანამედროვე მონაცემებით, ადამიანისთვის 150-მდე ვირუსია პათოგენური. მათი უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით აზიანებს მხედველობის ორგანოს. თვალის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ეპიდემიური ვირუსული კერატოკონიუნქტივიტი და ფარინგოკონიუნქტივური ცხელება, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასასრულს - 1889 წელს აღწერეს, თუმცა დაავადების ადენოვირუსული ბუნება მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დადგინდა. თვალის ზოგიერთი ვირუსული დაავადება კი სულ ახლახან გახდა ცნობილი. კერძოდ, 1970 წელს აფრიკის ქვეყნებში იფეთქა მანამდე უცნობი ეპიდემიური ჰემორაგიული კონიუნქტივიტის პანდემიამ. გამომწვევი აღმოჩნდა ენტეროვირუსი-70, რომელიც პიკორნავირუსების ჯგუფში შედის. თვალის დაავადებათა განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჰერპესვირუსები. ისინი ენდოგენური გზით ზემოქმედებენ თვალის ქსოვილზე, რითაც საგრძნობლად განსხვავდებიან ადენო- და პიკორნავირუსებისაგან. აქედან გამომდინარე, ჰერპესული კონიუნქტივიტი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებსაშიშია. ადენოვირუსების აქტიური შესწავლა 1952 წელს დაიწყო. სადღეისოდ იმუნოლოგიურად იდენტიფიცირებულია ამ ჯგუფის 45 ტიპის გამომწვევი, რომელთაგან 28 ადამიანს აავადებს. დადგენილია, რომ A-3 და A-7 სეროტიპები ფარინგოკონიუნქტივურ ცხელებას ან, უბრალოდ, ადენოვირუსულ კონიუნქტივიტს იწვევს, A-8 სეროტიპი კი ეპიდემიურ კერატოკონიუნქტივიტს. ყველა ადენოვირუსი ეპითელური უჯრედების ბირთვში მრავლდება. მათ საერთო ანტიგენი აქვთ. საკუთრივ ვირუსების ბირთვი ორმაგსპირალიანი დნმ-სგან შედგება. ვირუსები დიდხანს ძლებენ სამკურნალო ხსნარებში, კერძოდ, თვალის წვეთებში, ინაქტივაციას განიცდიან 0,5 და 1%-იანი ქლორამინის და 5%-იანი ფენოლის ხსნარის ზემოქმედებისას. რაც შეეხება პიკორნავირუსების ჯგუფს, ის აერთიანებს რნმ-ს შემცველ უმცირეს ვირუსებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ ჰემორაგიულ კონიუნქტივიტს იწვევს.

ვირუსული კონიუნქტივიტის ძირითადი სიმპტომებია:

უხვი ცრემლდენა;
თვალების გაწითლება და გაღიზიანება;
თავდაპირველად ცალი თვალის დაზიანება არცთუ იშვიათად პათოლოგიის მეორე თვალზე გადასვლით.

ჰერპესული კონიუნქტივიტი დუნედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. თან ახლავს ჰერპესული ბუშტუკების წარმოქმნა ქუთუთოების კანზე. მეტწილად ცალ თვალს აზიანებს. გვხვდება უმეტესად ბავშვებთან. ვირუსული კონიუნქტივიტის დროულ და სწორ მკურნალობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადება შესაძლოა გართულდეს კერატიტით - თვალის რქოვანა გარსის ანთებით, რასაც მხედველობის დაკარგვამდე მივყავართ.

ვირუსული კონიუნქტივიტის თავიდან ასაცილებლად:

გადაეჩვიეთ ჭუჭყიანი ხელებით თვალების სრესას;
ხშირად და სწორად დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით;
ხშირად იცვალეთ პირსახოცი და ბალიშისპირი;
თვალიდან უცხო სხეულის ამოღების ან სხვა მანიპულაციის დროს ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ბამბის ახალი ტამპონი ან ჰიგიენური ქაღალდის სუფთა ხელსახოცი;
ნუ გამოიყენებთ სხვის ლინზებსა და სათვალეებს, ასევე - კოსმეტიკურ საშუალებებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს (პირსახოცს, ცხვირსახოცს და ა. შ.);
საეჭვო სიმპტომების შემჩნევისთანავე მიაკითხეთ ოფთალმოლოგს.

11/12/2014

ხველის გამომწვევ მიზეზთა რაოდენობა 50-ს აღწევს

სამეცნიერო განმარტების თანახმად, ხველა რეფლექსური აქტია, რომლის მიზანიც არის ქვედა სასუნთქ გზებში მოხვედრილი გამაღიზიანებელი აგენტის (ანთებითი ლორწოს, მტვრის ნაწილაკების) მოცილება . ზოგჯერ ხველას დამცველობითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის საწყის ეტაპზე ის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. ამრიგად, ხველა ზოგჯერ გვიცავს, ზოგჯერ კი გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ცნობილია, რომ ხველის გამომწვევ მიზეზთა რაოდენობა 50-ს აღწევს და ზოგიერთ მათგანს სასუნთქი გზების დაავადებებთან საერთო არაფერი აქვს.
მოზრდილთა შემთხვევაში ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი მიზეზია რინიტი (სურდო, ცხვირის ლორწოვანის მწვავე ანთება), თამბაქოს წევა, ასთმა და წნევის დამწევი ზოგიერთი მედიკამენტის, კერძოდ, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება. ხშირად ხველას იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევებიც, როცა ქრონიკული ხველა მძიმე დაავადების ნიშანია. მაგალითად, ფილტვის სიმსივნის, გულის უკმარისობის, ტუბერკულოზის, თუმცა ყველა ამ დაავადების დროს ხველასთან ერთად ყურადღებას იპყრობს სხვა სიმპტომებიც.

ბრონქული ასთმა ქრონიკული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. როცა ხველას თან ახლავს ამოსუნთქვის გაძნელება და სტვენის მაგვარი ხმიანობა, ხოლო ექიმი მოისმენს ხიხინს, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. მიზეზის დადგენა მაშინ ჭირს, როცა პაციენტს ასთმის ხველითი ვარიანტი აქვს. ამ დროს მხოლოდ შეტევითი ხველა აღინიშნება. ჩვეულებრივ, ასეთი ხველა სეზონურია, ძლიერდება ზემო სასუნთქი გზების ინფექციისას, სიცივის ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისას.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისას კუჭში არსებული მჟავა სეკრეტი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება, აღიზიანებს ხახის უკანა კედელს და ხველას იწვევს. ტიპობრივ შემთხვევებში, როცა პაციენტი შეიგრძნობს გულძმარვას, დიაგნოსტიკა არ არის რთული, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა რეფლუქსის ერთადერთი სიმპტომი ხველაა.

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს (მაგალითად კაპტოპრილს, ენალაპრილს) დღეს ფართოდ იყენებენ მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ. დადგენილია, რომ პაციენტთა თითქმის 20%-ში ეს პრეპარატები ხველას იწვევს. ხველა უმეტესად მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში იწყება, თუმცა შესაძლოა, 6 თვის შემდეგაც აღმოცენდეს. ხველა უმეტესად მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში გაივლის, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ერთ თვეს ან უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს.

09/12/2014

როგორ მოვუაროთ ყურებს და ავიცილოთ თავიდან გოგირდის საცობის წარმოქმნა

გოგირდის საცობის გამო სმენის დაქვეითება და ამასთან დაკავშირებული დისკომფორტი ბევრისთვის არის ნაცნობი. როგორ მოვუაროთ ყურებს, რათა საცობი არ ჩამოყალიბდეს? ამის შესახებ გვესაუბრება შპს “ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის” ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნატო ნაკუდაშვილი.

- რატომ ყალიბდება ყურში გოგირდის საცობი?
- გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. გარეთა სასმენი მილის წინა მესამედში განლაგებულია გოგირდის ჯირკვლები, რომელთა მოვალეობაა გოგირდის გამომუშავება. გამომუშავებული გოგირდი, ჩვეულებრივ, თვითონვე გადაინაცვლებს გარეთა სასმენი მილის გასასვლელისკენ და საცობს არ წარმოქმნის. ხდება ისეც, რომ გოგირდი ჭარბად გამომუშავდება. ეს პათოლოგია არ არის - ნორმის ვარიაციაა, თუმცა უმეტესად სწორედ ასეთ დროს წარმოიქმნება საცობი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეთა სასმენი მილის ანატომიური შენებაც. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით ვიწრო გარეთა სასმენი მილი აქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ გარეთა სასმენი მილი სწორ ლულას კი არ წარმოადგენს, არამედ ოდნავ იხრება ლათინური შ-ივით; ყურის ღრმად გაწმენდისას გოგირდის მასები სიღრმეში შეგვაქვს, ამის შედეგად უფრო ღრმა უბნებიდან მათი გამოსვლა ფერხდება, რაც საცობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

- რამ შეიძლება გვაეჭვებინოს ყურში გოგირდის საცობის არსებობა?
- ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმპტომია ყურის დაგუბება, რასაც პაციენტი ხშირად უკავშირებს ყურში წყლის ჩასვლას - საქმე ის არის, რომ ამ დროს გოგირდის საცობი ფუვდება და მთლიანად ახშობს სასმენ მილს. თუ გარეთა სასმენ მილში მცირე სივრცე მაინც არის დარჩენილი ბგერის შესასვლელად, მიუხედავად გოგირდის საცობისა, პაციენტი სმენის დაქვეითებას არ უჩივის და, შესაბამისად არც ექიმს მიმართავს. ადამიანს შესაძლოა თვეობით ჰქონდეს სასმენ მილში გოგირდის საცობი, მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი მთლიანად არ დაახშობს მილს, სმენის დაქვეითება არ შეინიშნება.

- უპირატესად რა ასაკში ჩნდება გოგირდის საცობი?
- ეს ასაკზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მაინც მინდა გამოვყო ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფი და ვთხოვო მშობლებს, ღრმად და გულმოდგინედ ნუ გამოუწმენდენ შვილებს ყურებს - ამით, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლოა გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. საკმარისია, ბავშვს ოდნავ უკან გადავუწიოთ ყურის ნიჟარა, გავწიოთ წინ სასმენი მილის სახური და ამოვასუფთაოთ მხოლოდ ის უბანი, რომელიც ჩანს. ამით საცობის წარმოქმნას თავიდან ავიცილებთ. ასევე არ არის საჭირო ყურების ხშირად გამოწმენდა - კვირაში ერთხელ საკმარისია, ზოგიერთი ავტორი კი თვეში ერთხელ გვირჩევს ამ პროცედურის ჩატარებას.

- როგორ გავთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან და რა სიხშირით მივმართოთ ექიმ ოტოლარინგოლოგს?
- ეს ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ ექვს თვეში ერთხელ ვიზიტი საკმარისი იქნება.

- არსებობს მოსაზრება, რომ ყურის გოგირდისგან მთლიანად გაწმენდა არ არის მიზანშეწონილი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- გოგირდს აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ამიტომ ის ყურში მუდამ უნდა იყოს, თუმცა არც ჭარბი დაგროვებაა სასურველი - შესაძლოა, გარეთა სასმენი მილის ანთება გამოიწვიოს.

Address

Kaspi

Telephone

0322514088

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფარმაპლუსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფარმაპლუსი:

Share