22/01/2023
📌 რას ხედავთ სურათზე?
თქვენ შეიძლება დაინახოთ მოხუცი ან ახალგაზრდა ქალის პროფილი. თუმცა ორივეს ერთდროულად დანახვას ვერ შეძლებთ. რომელზეც კონცენტრირდებით ის გახდება იმ დროს თქვენი ფიგურა, ხოლო სურათის დანარჩენი ნაწილი გადავა ფონში. ამ სურათით კარგად აიხსნება გეშტალტ ფსიქოტერაპიის ერთერთი ყველაზე მნისნელოვანი თეორია - ფიგურა ფონი.
ფონი - არის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა, რაც ჩვენ გვიკავშირდება და მას მუდმივად ამუშავებს ჩვენი არაცნობიერი. მაგალითად ტემპერატურა, განათება ოთახში რომელშიც ახლა ვიმყოფებით არის ფონი. ის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არ არის. თუ ტემპერატურა უცებ დაეცემა ან მოიმატებს, არაცნობიერი მაშინვე მოგვცემს სიგნალს და გვეტყვის - მიაქციე ყურადღება არ შეგცივდეს ან არ დაგცხეს. ფონი ძალიან მნიშვნელოვანია, ის პროდუქტიული და არაერთგვაროვანია, მასში ბევრი რამ არსებობს, მაგრამ არც ერთი არ გამოიყოფა.
ფიგურა გამოიყოფა ფონიდან. მას აქვს ძლიერი, კონცენტრირებული, ენერგია დროის გარკვეულ მონაკვეთში და ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შესაძლებელია არსებობდეს ერთი ან რამდენიმე ფიგურა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ დროს ვდგავართ არჩევანის წინაშე. კარგი იქნება, თუ მივცემთ ჩვენს თავს საშუალებას, რომ ცოტა ხანი ვიცხოვროთ ამ ფიგურებთან ერთად, დავაკვირდეთ მათ, საკუთარ თავს, ვნახოთ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთში. დავაკვირდეთ საკუთარ რეაქციებს. ასე ჩვენს თავს მივცემთ შესაძლებლობას, რომ რომელიმე ფიგურა გახდეს აქტუალური დანარჩენი კი გადავიდეს ფონში. ყველაზე რთული სიტუაცია გვექმნება, მაშინ როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ფიგურებს.
არის სიტუაცია როცა საერთოდ არ გვაქვს ფიგურა და ყველაფერი მეორეხარისხოვანი და ფონურია. მიეცით თქვენს თავს უფლება დარჩეთ ამ სიტუაციაში. უსმინეთ თქვენს თავს, შეგრძნებებს და ნახეთ როგორ იქმნება თქვენი ფონი, როგორ ცხოვრობთ თქვენს ფონში. გახადეთ ის პროდუქტიული, რომ გამოიკვეთოს ფიგურა.
ხანდახან ფიგურა იმდენად დიდია, რომ თვითონ ხდება ფონი, ის დიდ მთას ემსგავსება. ამ დროს ადამიანი თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ფიგურა იმდენად დამუხტულია და კონცენტრირებულია, რომ ყველა რესურსს აცლის ადამიანს. ამ დროს ძალიან ეფექტურია, რომ მოველაპარაკოთ ჩვენს თავს, რომ ეს ფიგურა არსებობს და ცოტა ხანი დავტოვოთ ის ხელშეუხებელი. ეს შეიძლება იყოს თვე, კვირა, წელი... მივიღოთ მისი არსებობა არ გავაუფასუროთ ის. ვთქვათ - კი მტკივა, კი მენატრება, არ ვიცი რა გავაკეთო, არ მაქვს სამსახური. მიეცით თქვენს თავს უფლება, რომ გარკვეული პერიოდი სხვა საქმეებით დაკავდეთ და ამავე დროს იცხოვროთ ამ ფიგურასთან ერთად. ამ დროს ფონს ვაძლევთ საშუალებას, რომ გახდეს უფრო მრავალფეროვანი და მოინელოს ფიგურა. გაიმეორეთ შენ ხარ, მაგრამ მე ვცხოვრობ, მივდივარ გასართობად, მივდივარ კაფეში, თუმცა მაინც მენატრები, და მაშინ ეს უზარმაზარი ფიგურა ნელნელა დაპატარავდება და დაახლოვდება ფონთან.
არ არსებობს ფიგურა ფონის გარეშე, ჩვენი თქვენი მთელი ცხოვრების გარეშე, ზუსტად ასევე მთელი ჩვენი ცხოვრება ასე არსებობს, მაგრამ მასში გამოიყოფა ფიგურები, რომლებიც ხდება მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ფონი არის ზუტად ის რესურსი და ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ ვეყრდნობით და შეგვიძლია ზემოქმედება ფიგურებზე.
ფიგურა ფონის სავარჯიშო
იპოვეთ ოთახში რაიმე დიდი ფიგურა და შეაჩერეთ მასზე თქვენი ყურადღება. ეს იქნება თქვენი მთავარი ფიგურა, რომელიც გამოყავით მთლიანი ფონიდან. შემდეგ დააკვირდით ამ ფიგურის რომელიმე მსხვილ დეტალს, ყოველ ჯერზე შეამჩნევთ, რომ ფონი იცვლება. დააკვირდით თქვენს შინაგან პროცესებს: რამდენად ადვილი იყო თქვენთვის გადართვა ერთი ფიგურიდან მეორეზე? როგორი სიჩქარით გააკეთეთ ეს? როგორ იცვლებოდა თქვენი შინაგანი მდგომარეობა? კარგი იქნება ჩავატაროთ ექსპერიმენტი დაჩქარებულ და შენელებულ პროცესში.