02/02/2022
რა არის სატურაცია და როგორ ვაკონტროლოთ იგი
სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელია. სისხლის წითელი უჯრედები შეიცავს ჰემოგლობინს, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ორგანიზმში. თუ, მაგალითად, სატურაციის მაჩვენებელია 98, ეს ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის 98%-ს გადააქვს ჟანგბადი, 2%-ს კი არა.
ჯანმრთელი ადამიანის სატურაციის ნიშნული უნდა აღემატებოდეს 95-ს.
95-ზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში, თუ გამოხატულია სხვა სიმპტომებიც, საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობას. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაციაც.
სატურაციის გასაზომად იყენებენ პულსოქსიმეტრს. პულსოქსიმეტრი არის ზუსტი საშუალება პულსის სიხშირისა და სისხლში ჟანგბადის დონის განსასაზღვრად. ის მაგრდება თითზე, მონიტორზე კი ისახება სატურაციისა და პულსის მაჩვენებლები.
პულსოქსიმეტრი გამოიყენება გულისა და ფილტვების შემდეგი დაავადებების დროს:
ფილტვების ქრონიკული დაავადებები
გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები
გულის ქრონიკული უკმარისობა
ძილის დარღვევა (აპნოე, ჰიპოპნოე)
რა სიმპტომების დროს უნდა მივიტანოთ ეჭვი ჟანგბადის დეფიციტზე და შევიმოწმოთ სატურაცია?
ჰაერის უკმარისობა
სუნთქვის გაძნელება როგორც მოსვენებისას, ასევე ფიზიკურ დატვირთვაზე.
გახშირებული სუნთქვა
დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში
რა უნდა გავითვალისწინოთ სატურაციის გაზომვისას:
ვიყოთ მშვიდად
უნდა ვიყოთ მჯდომარე მდგომარეობაში
რეკომენდებულია, ფრჩხილიდან ლაქის მოშორება, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი გაზომვა
თითი არ უნდა იყოს ცივი
ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობის უგულვებელყოფამ, შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, რომლის მკურნალობა ხანგრძლივ დროსა და რესურსს მოითხოვს.