Myths and Medicine

Myths and Medicine ECFMG certified doctor

30/01/2024

ციკლოდან: მითი, თუ რეალობა?!

ბაქტერიული ინფექციის დროს თუ ანტიბიოტიკს მიიღებს პაციენტი, ეგრევე კარგად თუ არა, ცუდად არ უნდა გახდეს. თუ სიცხემ მოიმატა, ე.ი. ექიმმა არასწორი წამალი დაუნიშნა.


რეალობა: გააჩნია ბაქტერიულ ინფექციას. სიფილისის, ლეპტოსპიროზის ( რაც საკმაოდ ხშირია აჭარაში), ტკიპის მიერ გადამტანი სპიროქეტული ინფექციის დროს, როცა ანტიბიოტიკი კლავს, შლის ბაქტერიას, ამ "ნაშალმა პროდუქტმა" შეიძლება გააქტიუროს იმუნიტეტი და პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულს დაამსგავსოს ( მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, სისუსტე).

შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება?
-არა 🫠

ექიმი დამნაშავეა?
-ასევე არა 🎀

მედიცინა მარტივია?
-არა, მაგრამ უბანტოდ🤝

"მარტივი ფილტვების ანთების" შემთხვევაზეც ვრცელდება იგივე?
კატეგორიულად-არა!

რა ჰქვია ანტიბიოტიკს ვირუსული ინფექციისას?
-მკვდარზე ვენოკი

რატომ?
-მალე დავწერ უფრო ვრცლად 🪂

წყარო: Basic and Clinical Pharmacology 15e; Uworld

15/02/2023

დაპირებული პოსტი მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტზე.

პირველ რიგში, ვის აქვს რისკი დაემართოს მეორე ტიპის დიაბეტი და შეგვიძლია თუ არა მისი პრევენცია?

რისკი: ჭარბი წონა, (განსაკუთრებით მუცლის ირგვლივი), გენეტიკური წინასწარგანწყობა.
პრევენცია: წონის კონტროლი, ფიზიკური აქტიურობა.
გენეტიკას რას ვუშვრებით? ვუფრთხილდებით : )

როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ჭარბი წონა? თუ ძალიან გავამარტივებთ, გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი (BMI) ფორმულით: წონა კილოგრამებში უნდა გავყოთ სიმაღლეზე- აყვანილი კვადრატში. ანუ, თუ ჩემი წონაა 50 კგ და ვარ 1.60 მ ჩემი სხეულის მასის ინდექსია: 50/ (1.60x1.60 )=19.5
ნორმად ითვლება 18.5დან 24.9-მდე.
დაიანგარიშეთ თქვენიც : )

რატომაა ცუდი მეორე ტიპის დიაბეტი? მერე რა რომ "შაქარი" მაღალია, ან სადაა მაღალი? შაქარი აქვს 200იო რომ ამბობენ, სად აქვთ?

მეორე ტიპის დიაბეტი არ არის საშიში დღეს ან ხვალ, საშიშია წლების განმავლობაში უკონტროლო დიაბეტი. სისხლში (რომელიც სისხლძარღვში მიედინება) მუდმივად მაღალი "შაქარი" აზიანებს ამ სისხლძარღვს. ჩვენ რასაც "ვზომავთ" ეგაა- "შაქარი" ანუ გლუკოზა სისხლში. დაზიანებულ სისხლძარღვში ორგანოებისთვის საჭირო "საკვები" ვეღარ მოძრაობს წესიერად, რაც იწვევს დიაბეტთან დაკავშირებულ კლასიკურ პრობლემებს: ინფარქტი, ინსულტი, ჭრილობის გართულებული შეხორცება, ინფიცირება, მხედველობის პრობლემა, თირკმლის პრობლემა და ა.შ.

სისხლძარღვში მაღალი შაქარი ცუდია, გავიგეთ.
უჯრედშიც ცუდია?

არა, არც ვინტერესდებით, ვერც ვსაზღვრავთ.

დიაბეტი და ვარჯიში: ჩონჩხის კუნთები ჩვენი სხეულის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. როცა ვისვენებთ კუნთის უჯრედებს სჭირდება ინსულინი რომ სისხლში "მოცურავე" "შაქარი" შეიტანოს უჯრედში და გამოიყენოს, სამაგიეროდ, როცა ფიზიკურად აქტიურია კუნთი, ინსულინი აღარაა საჭირო და ეს სისხლძარღვში "მოცურავე შაქარი" თავისით, კოხტად შეიტუმბება უჯრედში.
ანუ, წამლის გარეშე, უბრალოდ ვარჯიშით სისხლში არსებული "შაქარი" თავისით იწევს დაბლა, რადგან გადადის უჯრედში და იქ გამოიყენება უსაფრთხოდ.
დიაბეტის მკურნალობის მიზანიც ხომ ესაა- სისხლში არსებული "შაქარი" დავწიოთ დაბლა, ნორმის ფარგლებში.

წყარო: Costanzo Physiology 7th Edition
by Linda S. Costanzo; Harrison's Principles of Internal Medicine, Twenty-First Edition, 21st Edition.
Rapid Review Pathology 5th Edition by Edward F. Goljan MD.
Biochemistry (Lippincott's Illustrated Reviews) 6th Edition by Ph.D. Ferrier, Denise R.

საღამომშვიდობისა : )დაპირებისამებრ, დღეს დიაბეტის პრევენცია/მართვაზე და მერე დეპრესიაზე უნდა დამეწერა, მაგრამ სხვა მითმა...
01/02/2023

საღამომშვიდობისა : )

დაპირებისამებრ, დღეს დიაბეტის პრევენცია/მართვაზე და მერე დეპრესიაზე უნდა დამეწერა, მაგრამ სხვა მითმა ისე მწვავედ შემახსენა თავი, ვეღარ ვითმენ : )

ალბათ ყველას სმენია ეს ავადსახსენებელი პროთრომბინი და დე დიმერი :დ
არ ვიცი ვის ტვინში მოიხარშა, როდის ან რატომ, მაგრამ სამედიცინო სამყაროშიც საკმაოდ პოპულარული

მითი: თუ ხელები გიბუჟდება, პროთრომბინი (უფრო cool ტიპებისთვის d დიმერი, ან დედიმერი ) გაისინჯე.

რეალობა: ხელების, ფეხების, ზურგის, წელის, ცხვირის და ა.შ. დაბუჟებას ისეთივე შეხება აქვს პროთრომბინსა და d დიმერთან, როგორც სიკვდილს. ოღონდ, მართლა.

რა არის პროთრომბინი? (ძალიან,ძალიან გამარტივებული, არაექიმებისთვის)
ჩვენი სისხლი შედგება პლაზმისა და ფორმიანი უჯრედებისგან.
პლაზმა: რაც აძლევს სისხლს თხევადობას. პლაზმაში დაცურავს შედედების ფაქტორები, ცილები, ანტისხეულები, ჰორმონები და ათასი მოლეკულა : ))

ფორმიანი უჯრედებია: ერითროციტები- ძირითადი ფუნქცია: ჰემოგლობინის დამხარებით ჟანგბადის მიტანა უჯრედებისთვის, სანაცვლოდ, ნახშირორჟანგის წამოღება.
ლეიკოციტები-ძირითადი ფუნქცია: ანთებაზე რეაგირება. იმუნური პასუხი.
თრომბოციტები- ძირითადი ფუნქცია: სისხლის შედედებაში მონაწილეობა პლაზმაში "მიმოფანტული" შედედების ფაქტორებთან, ცილებთან ერთად.

შედედება, ანუ სისხლძარღვში "საცობივით" გროვა, რაც აფერხებს სისხლის მოგზაურობას.
როგორ, თრომბი, ემბოლია? ეგ ხო ცუდია?
გააჩნია როდის. თუ კანი გაჭრილია, სისხლი მოდის ზუსტად მაშინ აქტიურდება ეს შედედების ფაქტორები და თრომბოციტების ჩახუტებით იქმნება მასა, რომელიც საცობივით ედება ჭრილობას და სისხლდენაც ჩერდება, ჩვენც გვიხარია, წვეთობით სისხლისგან არ ვიცლებით.
ორგანიზმისთვის კი ცუდია ყველაფერი, რაც მაშინ ხდება, როცა არაა ამის საჭიროება. ანუ, "საცობი" თუ მაშინ წარმოიქმნება, როცა ჭრილობა არაა.

ეხლა მთავარზე. რა არის პროთრომბინი?
სისხლის შედედებისთვის საჭირო ერთ-ერთი ცილა, წარმოიქმნება ღვიძლში. ცალკე აღებული პროთრომბინი, კერძოდ, მისი სიმცირე შეიძლება ღვიძლის პრობლემის ნიშანი იყოს.
შედედებას, იგივე კოაგულაციას ( კ ო ა გ უ ლ ო გ რ ა მ ა - ანალიზი შედედების შესახებ) რაც შეეხება, ხშირად ნახულობენ "პროთრომბინის დროს". თუ მომატებულია. თქვენს ორგანიზმს საჭიროებისას თრომბის წარმოსაქმნელად ცოტა მეტი დრო დასჭირდება. თუ დაკლებულია- პირიქით, სწრაფად წარმოიქმნება თრომბი.

რა არის ავადსახსენებელი D-დიმერი?
ეს თრომბი რომ წარმოიქმნება, ოდესმე ხომ უნდა დაიშალოს? "ნაშალი მასალიდან" ერთ-ერთ მოლეკულას D-დიმერი ჰქვია.
თუ მაღალია მისი მაჩვენებელი სისხლში, ლოგიკურად ვასკვნით, რომ, ააალბათ, ბევრი თრომბი იყო, ბევრი დაიშალა და "ნაშალიც" მაგიტომაა მომატებული.

თითის გაჭრის შემდეგ D-დიმერი არ მატულობს ისე, რომ სისხლის ანალიზში შესამჩნევი ცვლილება მოგვცეს. ბევრი თრომბი, ბევრი დაშლა- კიბატონო.

ბოლოს, ჩნდება კითხვა. რა შუაშია თრომბი დაბუჟებასთან?
დაბუჟება არის წმინდად ნევროლოგიური სიმპტომი ( ნევროლოგიური, რომელიც მოიცავს ნერვებს, მათ დიდ თუ პაწაწუნა ტოტებს და დაზიანებებს და არ ნიშნავს ფსიქიატრიულს, თუმცა, ფსიქიატრიული დაავადებებისასაც შეიძლება იყოს ნევროლოგიური სიმპტომებისთვის "მიბაძვა").

მაშინ, რა სიმპტომები აქვს თრომბს?
გააჩნია სად. გულის სისხლძარღვში თუ რაღაც "დაეცო" და დროულად ვერ ვუშველეთ, ინფარქტს ვეძახით.
ტვინის სისხლძარღვში თუ მოხდა იგივე- ინსულტს.
კოვიდის დროს ხშირი იყო ფილტვის სისხლძარღვებში "საცობები", ზუსტად ეგ კი- სიკვდილის მიზეზი კოვიდ პაციენტებში.
ფეხში თრომბი, ხელში შეიძლება?
ვენებში კი, რატომაც არა.
სიმპტომები: ტკივილი, შეშუპება, შესიება, შეწითლება.

არტერიებში: ტკივილი, დაზიანებული ადგილის გაციება, გაფერმკრთალება, პულსაციის გაქრობა, მგრძნობელობის დაქვეითება და ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება-თუ იქვე ნერვული დაბოლოებებიც დაზიანდა.

წყარო: Costanzo Physiology 7th Edition
by Linda S. Costanzo; Harrison's Principles of Internal Medicine, Twenty-First Edition, 21st Edition. Rapid Review Pathology 5th Edition by Edward F. Goljan MD.

30/01/2023

საღამომშვიდობისა,

რადგან პირველი პოსტი კვებას შეეხებოდა, მივყვეთ კვების თემას.

მითი, ან უფრო, ნაწილობრივი მითი: ბევრი შოკოლადი არ ჭამო, დიაბეტი დაგემართება.

რეალობა: დასახელება "დიაბეტი" 3 სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება: უშაქრო დიაბეტსა და შაქრიანი დიაბეტის პირველ და მეორე ტიპს. (Diabetes Insipidus, Diabetes Mellitus type 1, Diabetes Mellitus type 2). "შაქართან" დაკავშირებული დიაბეტი მელიტუსი, ანუ შაქრიანი დიაბეტია.
1 ტიპის დიაბეტს თავიდან ვერანაირი ცხოვრების წესის მოდიფიკაციით, შოკოლადებისგან თავის შეკავებით და ვარჯიშით ვერ ავირიდებთ, რადგან ეს არის ავტოიმუნური დაავადება, მიმართული საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ (უფრო ზუსტად, საკუთარი იმუნიტეტი პანკრეასს არასწორად აღიქვამს უცხოდ, უტევს და ანადგურებს იმ უჯრედებს, რომელიც ინსულინის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი. შედეგად- აღარ გვაქვს ინსულინი. ნორმაში, ინსულინი პასუხისმგებელია "შაქრის" დონის დაწევაზე სისხლში).
პირველი ტიპი ხშირად 20 წლამდე ვლინდება და რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება რჩება, თუმცა თუ "გარედან" დავარეგულირებთ "შაქარს" სისხლში, ყველაფერი რიგზეა.

რომელია ყველაზე ცნობილი და ხშირი დიაბეტი?
მეორე ტიპი.

ვის ემართება?

უმეტესად ჭარბწონიან, გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებს.
ხაზს ვუსვამ- ჭარბწონიან და არა, ადამიანებს, ვისაც შოკოლადი უყვარს.
რატომ?

წონის მატება დამოკიდებულია ჭარბი კალორიის მიღებაზე, საიდან ვიღებთ ამ ჭარბ კალორიას წონისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ეს შოკოლადი, შაურმა, ხინკალი თუ ამოლესილი ლობიო :დ (ჯანსაღ კვებაში ლობიოს თავისი საპატიო ადგილი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში კალორიაზე და წონაზეა საუბარი).

ჭარბი კალორია ჩვენს ორგანიზმში აუცილებლად დამარაგდება, რასაც ჩენ ვეძახით წონაში მატებას.

ბიოქიმიური დეტალები რომ გამოვტოვო, ჭარბი წონა იწვევს ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითებას.
რას ნიშნავს ეს? ინსულინი აღარ გვაქვს, როგორც პირველი ტიპისას?

არა, გვაქვს. (შეიძლება, ინსულინი იმაზე მეტიც კი იყოს, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანშია.) გვაქვს, თუმცა, ორგანიზმის მიერ ის ვერ აღიქმება, შესაბამისად, ინსულინზე "პასუხიც" აღარ ხდება და ის "ვერ მუშაობს".
რაღაცით, ნამდვილად, გავს პირველ ტიპს. ორივე შემთხვევაში "შაქრის" რაოდენობა ვერ კონტროლდება სისხლში. თუმცა, პირველისას ინსულინი, უბრალოდ, არ არის. მეორეს დროს -არის, მაგრამ ვერ "შეიგრძნობა".

თუ პირველის პრევენცია ვერ ხდება, მეორე რაღაც მხრივ, ჩვენს ხელშია.
პირველ რიგში- კალორიების კონტროლი. ნაკლები კალორიის მიღება, (ან კალორიების მეტი ხარჯვა)= ნაკლებ წონას= ნაკლებ რეზისტენტობას= მეორე ტიპის დიაბეტის პრევენციას.

პ.ს. ჩვენი ორგანიზმის ენერგიის საბოლოო წყარო, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლებია. რაც არ უნდა ჯანსაღი საკვები მივიღოთ, აუცილებლად მივიღებთ ამ სამს. ორგანიზმს კი აქვს ბიოქიმიური გზები, რითიც ეს 3 ერთმანეთში გადაიცვლ-გადმოიცვლება.

პ.პ.ს. მეორე ტიპის დიაბეტის პრევენცია/მართვაში ძალიან დიდი როლი ვარჯიშს აქვს, რაზეც ცოოტა მერე დავწერ თუ ვინმეს დააინტერესებს 💃🏼

29/01/2023

საღამო მშვიდობისა.

რამდენიმე დღის წინ სალომემ მომაწოდა იდეა, იქნებ, ცალკე გვერდი გაგეკეთებინა, სადაც მხოლოდ მედიცინაზე დაწერდი არამედიკოსებისთვისო.


ცოტა კი დამეზარა, მაგრამ, რომ დავფიქრდი, კლინიკაში რამდენი პრობლემის თავიდან არიდება შეიძლება პაციენტის და ახლობლების უფრო მეტი ჩართულობით და ინფორმირებულობით, ჩავთვალე, რომ ღირს თავის შეწუხება.


ვეცდები რაც შეიძლება მარტივად, სამედიცინო ტერმინოლოგიისგან თავისუფალი ენით მარტივი სამედიცინო ფაქტები გავშალო. ჩემი წყარო არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ლიტერატურა: ნაცადი, გადამოწმებული, დამტკიცებული.

გავრცელებული მითი: ტკბილეული და ცომეული ასუქებს, ამიტომ სულ მცენარეულ საკვებს თუ შეჭამთ, დაიკლებთ.


რეალობა: ასუქებს კალორიის მიღებასა და ხარჯვას შორის არსებული დისბალანსი და არანაირი მაგრამ.


რას ნიშნავს კალორია? ენერგიის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 გრამი წყლის ტემპერატურის 1 ცელსიუსით მოსამატებლად. არსებობს მაღალ და დაბალ კალორიული საკვები. ასე ვთქვათ, მაღალი და დაბალი პოტენციური ენერგიით. წონაში ვიმატებთ ექსკლუზიურად კალორიების ხარჯზე და არა კონკრეტულად შოკოლადების, ხაჭაპურების, შაურმებისა და ნაყინების გამო.
თუმცა, თუ შევადარებთ 100 გრამ შოკოლადსა და 100 გრამ კიტრს ერთმანეთს, კალორიებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. (შოკოლადი- საშუალოდ 550 kcal, კიტრი- 15 kcal) ამიტომ, ბუნებრივია, თუ წონის დაკლება გვინდა, შეგვიძლია გაცილებით მეტი კიტრი ვჭამოთ, ვიდრე შოკოლადი, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, ერთი კილოგრამ კიტრს მოვერევით თავისუფლად თუ ერთ კილოგრამ შოკოლადს?! (ნუ, მე არც ერთთან მაქვს განსაკუთრებული სირთულე 😂)
1 კგ შოკოლადთან გამკლავება უფრო რთული ზუსტად მისი მაღალი კალორიულობის გამოა. ვნაყრდებით და "მეტი აღარ შეგვიძლია".
(დანაყრებას მხოლოდ კალორია არ განსაზღვრავს, ცოოტა უფრო ვრცელი თემაა და მაგაზე მერე დავწერ).



კითხვა: რატომ არ ვიკლებ წონაში, როცა ძალიან ჯანსაღად ვიკვებები?
პასუხი: ჯანსაღი კვება ძალიან კარგია, ბევრი პოზიტიური ეფექტი აქვს ორგანიზმისთვის, მაგრამ თუ მიზანი წ ო ნ ა შ ი კ ლ ე ბ ა ა, მანდ მთავარია პრინციპი: ცოტა კალორია, ან მოცემული კალორიის მეტი ხარჯვა.

სულ ეს იყო 💃🏼

Address

Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Myths and Medicine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram