18/05/2025
მზე და ბავშვის კანი
რჩევები მშობლებისთვის!
მზის სხივების მრავალმხრივი სასარგებლო თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პატარების განვითარებისთვის. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია მასთან სწორი კონტაქტი და მზის სხივებით გამოწვეული კანის პრობლემებიც, რომლებიც ხშირად თავს გაზაფხულზევე იჩენს. #დერმატოლოგისრჩევებიმშობლებს
ბავშვების კანზე გამოვლენილი ,,მზის ალერგია“ რამდენიმე დაავადებას მოიცავს. ფოტომგრძნობელობა ვლინდება გენეტიკურად წინასწარგანწყობილ მგრძნობიარე პირებში მზის სხივებთან კონტაქტის დროს. მზის სხივები იწვევს კანის გარკვეული კომპონენტების ცვლილებებს, რომლებიც ორგანიზმის მიერ აღიქმება როგორც ,,უცხო“ და ამის შედეგად აქტიურდება იმუნური სისტემა.
ბავშვების კანზე კლინიკურად გამოვლენილი ,,მზის ალერგიის“ ყველაზე ხშირი ფორმა ,,პოლიმორფული დერმატიტია“. მზის ალერგიის ეს ფორმა იწყება მზის სხივებთან თავდაპირველი კონტაქტისთანავე, ხშირად გაზაფხულზე. გამონაყარი ჩნდება გულმკერდის ზედა არეში, ხელის მტევნებზე, ზედა და ქვედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე და თან ახლავს წვისა და ქავილის შეგრძნება. ,,მზის ალერგიის“ ეს ფორმა შესაძლოა განვითარდეს მზის სხივებთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთში, ზოგჯერ კი რამდენიმე საათის ან ორი-სამი დღის შემდეგ. ხშირად ვლინდება სიწითლის ფონზე წვრილკვანძოვანი და წვრილბუშტუკოვანი გამონაყარით.
გაზაფხულზე, მზესთან კონტაქტის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ,,იუვენილური გამონაყარიც.“ ბავშვის კანზე გამოვლენილი ეს პრობლემა ხასიათდება უპირატესად ყურის ნიჟარების კანზე ლოკალიზებული წყლულოვანი და ქერცლოვანი გამონაყარით. გამონაყარი ვითარდება მზესთან კონტაქტიდან რამდენიმე საათში და ხშირად თან ახლავს მიმდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდებაც, რაც მშობლების შიშის ხშირი მიზეზია.
ბავშვის კანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საცხების სწორად გამოყენება, მათი შერჩევა ასაკისა და კანის ტიპის გათვალისწინებით. ექვს თვემდე ასაკის ბავშვებში მზისგან დამცავი საცხების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უმჯობესია შეირჩეს ექიმთან ერთად ყველა კომპონენტისა და ფაქტორის მომცველობით.
არ უნდა გამოგვრჩეს ფოტოტოქსიური რეაქციების განვითარების შესაძლებლობაც ამ პერიოდში. ბავშვის კანზე მწვავედ გამოვლენილი ეს სპეციფიური რეაქცია უკავშირდება გარკვეული პრეპარატებისა (როგორც აბების, ისე საცხების) და მზის სხივების ურთიერთქმედებას.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელ კანზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა