01/03/2026
ეძღვნება ყველას, ვისაც ოდესღაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე...
სიყვარული = ტკივილს?
ვინც უყვარდა, განუწყვეტლივ სტკენდა (ნებსით თუ უნებლიედ) და ნელ-ნელა ნაზი, მგრძნობიარე, რბილი, სიყვარულით მფეთქავი გული ეკლებით შეიმოსა. მთელი ტანი ეკლებით დაეფარა. თითქოს ეკალი იყო ყველა იმ ტკივილის სიმბოლო, რასაც სხვათა ქცევა, სიტყვა თუ მზერა აყენებდა.
დიდხანს იბრძოლა სინაზე და სირბილე შეენარჩუნებინა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი გახდა სასტიკ, ცივ, ნაკლებად მგრძნობიარე გარემოში. მაშინ დაასკვნა, რომ ეს სისასტიკე შეიწირავდა მის სირბილეს, რომ მისი მოსიყვარულე გული მრავალგზის გაითელებოდა და ბოლოს უბრალოდ დაიფლითებოდა... 🥀
ამიტომ გული შეინახა, გადარაზა, ათასკლიტული დაადო, რომ სადღაც, უთვალავი დამცავი მექანიზმის მიღმა, სუფთად შეენახა გულის გადარჩენილი მფეთქავი ნაწილი. ეს ათასკლიტული უკარო სასახლეში დამალა და სასახლეს ირგვლივ ეკლიანი კაატინგა შემოავლო, რომ ვერავის ვერასდროს ეპოვა ის, რაც ღმერთისგან დარჩა.
თუმცა...
თავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დადიოდა. ყველაფერს აკეთებდა: აღწევდა, აბარებდა, იგერიებდა და იგებდა, თუმცა გემოს ვეღარ ატანდა. სამოსი ვეღარ ათბობდა, საკვები აღარ ეგემრიელებოდა და სილამაზე ვეღარ ატკბობდა. ფაქტობრივად, უსულოდ დადიოდა.
მუდმივად ენატრებოდა ის, რაც ოდესღაც თავადვე იყო. პირველ ხანებში ხშირად აკითხავდა და ესაუბრებოდა თავის ნაწილს, დროთა განმავლობაში კი სულ იშვიათად, რადგან იმ ნაწილის ადგილი ისევ არ იყო სასტიკ სამყაროში და მასაც ერჩივნა თავად ევლო გამოფიტულს, ვიდრე უფლება მიეცა, ის დარჩენილი ნაწილიც დაეფლითათ.
და აი დადგა დრო, როდესაც თავადაც ვეღარ აღწევს იმ ეკლებში...
სადა ხარ, ჩემო გულო? სადა ხარ, ჩემო სულო? როგორ ტკივილამდე და ტირილამდე მენატრები... მენატრება სიყვარულის უნარი, რომელიც ცხოვრებას გემოსა და ფერებს აძლევს. დამიბრუნდი...
გთხოვ, დამიბრუნდი, რომ ისევ გავცოცხლდე, თორემ უშენოდ ვქრები. 🌊
უშენოდ მთავარი ღერძი დავკარგე და ასე, ბარბაცითა და ვარაუდით დავდივარ წონასწორობადაკარგული. მწყურიხარ. მშია შენი კვლავ განცდა. გამოჩნდი. დამიბრუნდი. გამაცოცხლე.
არაფერი შეცვლილა. სამყარო ისევ სასტიკია, თუმცა კეთილიცაა; ისევ დაუნდობელია, თუმცა სამართლიანიც; ისევ მტკივნეულია, თუმცა სასიხარულოც. ბევრნაირია, გესმის?
დამიბრუნდი, რომ მათ, ვისაც ვუყვარვარ, უფლება მივცე ვუყვარდე. რომ სამყაროს უფლება მივცე დამეხმაროს, ჩამიხუტოს, დამასვენოს. შენ გარეშე მე არ ვარ. მხოლოდ ვარსებობ. ❤️
და იცი, რას მივხვდი? სჯობს შენთან ერთად მცირეხნით ვიცხოვრო, ვიდრე უშენოდ ძალიან დიდხანს.
სიყვარულის უნარი დამიბრუნე, ღმერთო. ჩემი გაციებული და გათანგული გული ისევ გააცოცხლე და აანთე. 🔥
© ნინო თოფურია