03/01/2024
11 ნიშანი იმისა, რომ თქვენზე იძალადა ნარცისული აშლილობის ადამიანმა.
ნარცისული ძალადობის სინდრომი არის არასამედიცინო ტერმინი, რომელიც აღწერს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მოძალადეს შეიძლება დადგენილი ჰქონდეს კლინიკური ნპდ ან არა, ამას, როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე მნიშვნელობა არა აქვს. მოძალადე თავად ირჩევს მანიპულაციის მეთოდების გამოყენებას და ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს მსხვერპლს, მასზე კონტროლის დამყარების მიზნით. ამისთვის, ის იყენებს, როგორც ვერბალური ძალადობის, ასევე ფსიქოლოგიური მანიპულაციის, ფორმებს.
თავიდან ისინი იდეალურები ჩანან და დღემდე სხვების თვალში ასეთები არიან, ფარული ნარცისის ენერგიის მთავარი მომმარაგებელი მისი პარტნიორია და სხვების ექსპლოატაცია არ სჭირდებათ.
--------------------------------------------------------
ფსიქოლოგიური ტრავმის ნიშნებია:
- ხალხს ეჭვი ეპარება, რომ შენზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
ნარცისული მანიპულაცია და ძალადობა ხშირად დახვეწილი, შეუმჩნეველია. მათი ქცევა, ხალხის წინ, არ აღიქმება ძალადობად.
შენ შესაძლოა ვერც კი იაზრებდე რა ხდება, თავს დაბნეულად გრძნობ, გწყინს ან შეიძლება კიდეც საკუთარ თავს ადანაშაულებ დაშვებული "შეცდომებისთვის". მსგავსი საქციელი და საკუთარ თავში ეჭვის შეტანა შენს ახლობლებში სანდოობას გიკარგავს, ფიქრობ იყო თუ არა მისი საქციელი ძალადობა, საკუთარ თავში ეჭვი გეპარება.
--------------------------------------------------------
- მან დაიწყო თქვენს წინააღმდეგ ხალხის ამხედრება.
ნარცისული თვისებების მქონე ადამიანს სჭირდება საკუთარ თავზე იდეალურის სურათის შენარჩუნება, ამისთვის შეეცდებიან თქვენს ცუდად გამოჩენას, პირში კი გეტყვიან, რომ თქვენზე ცუდი არასდროს არაფერი უთქვამთ და ყოველთვის თქვენს იმიჯს იცავენ.
ისინი შეეცდებიან თქვენ წარმოგაჩინონ მოძალადედ და არამყარ ადამიანად. ხშირად ისინი თქვენი ახლობლებისგანაც მიიღებენ მხარდაჭერას, დააჯერებენ რომ თქვენთვის კარგი უნდათ და როდესაც თქვენ შეეცდებით, აუხსნათ თქვენს ახლობლებს მათი ძალადობის შესახებ, მათ შეიძლება მისი მხარეც დაიჭირონ და თქვენ დაგადანაშაულონ.
--------------------------------------------------------
- თავს იზოლირებულად გრძნობთ.
თუ თქვენს ახლობლებს თქვენი არ ესმით და თქვენ მარტო რჩებით, მას თქვენი მანიპულირება უადვილდება. ის თქვენთან კეთილის როლს ითამაშებს, შეიძლება ბოდიშიც კი მოგიხადოთ, მაგრამ არ შეცდეთ - ის არასდროს იხდის ბოდიშს, როგორც ნორმალური ადამიანი, რადგან მიხვდა დანაშაულს და წუხს საკუთარ ჩადენილზე. ის არასდროს ნანობს საკუთარ საქციელს, რადგან ის გააკეთა რაც უნდოდა და მიიღო ის რაც "ეკუთვნოდა". გეტყვის რომ წუხს, რადგან ცუდად ხარ, რადგან უბედური ხარ, მაგრამ ამაში საკუთარ თავს არასდროს დაადანაშაულებს, ამაშიც დამნაშავე თქვენ ხართ: "სუსტი ხარ, მეცოდები, სუსტ ადამიანებს ვერ ვიტან! მე თუ შენზე ასეთი ზეგავლენა მაქვს, მე ვყოფილვარ ძლიერი და ვამაყობ ამით, ყველა ჩემნაირი ჭკვიანი უნდა იყოს, შენ კი სუსტი ხარ, რადგან მე შენზე ზეგავლენა მაქვს. მსგავსი ზეგავლენა ჩემზე არავის ექნება, არავის მივცემ უფლებას ჩემი მანიპულირების! სუსტი ხარ და მე მაბრალებ შენს ლუზერობას!"
როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოთ ის მოახერხებს საკუთარ თავში ეჭვი შიტანოთ, და ყველაფერი, რაც მან გამოიწვია, საკუთარ თავს დააბრალოთ. წარუმატებლობა, იმის გამო, რომ დრო არ გქონდათ საკუთარი თავისთვის, რადგან მას ბოლომდე სჭირდება თქვენი რესურსი, კმაყოფილი არასდროსაა, ერთხელ დათმობა მისთვის მწვანე შუქია და მომავალშიც ასე უნდა იყოს. ნუ გეგონებათ, რომ ერთხელ დაუთმეთ და შემდეგში თქვენს სურვილებსაც გაითვალისწინებს. თქვენ შეეცდებით ყველაფრის გამოსწორებას, მაგრამ ნარცისს არაფერი გამოასწორებს, თქვენი ყოველი გამოსწორების მცდელობა ობობის ქსელში უფრო მეტად გახვევთ და მასზე ბოლომდე დამოკიდებულს გხდით, იქნება ეს ფსიქოლოგიური, ფინანსური თუ სხვა სახის დამოკიდებულება.
--------------------------------------------------------
- თქვენი მგრძნობელობა მცირდება.
თქვენ ცდილობთ დაუპირისპირდეთ ნარცისს და არგუმენტირებულად დაუმტკიცოთ საკუთარი სიმართლე, შეეცადოთ დაანახოთ რომ ის თქვენ არ გითვალისწინებთ და გტკენთ, ან შეეცდებით გაექცეთ ჩხუბს. მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს და თქვენ იყინებით ან ცდილობთ მის დაამებას, მისთვის იმის მიცემას, რაც უნდა.
--------------------------------------------------------
- თქვენ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება.
მისი კრიტიკა და თქვენი დაუფასებლობა, რომელსაც ფარული ნარცისი, მუდმივად, რეპლიკებით გამოხატავს და შემდეგ ხუმრობას ეძახის: "კაი, ხო იცი გეხუმრე და ასეთ რაღაცებს სერიოზულად არ ვფიქრობ!"
თქვენს თვითშეფასებაზე ცუდად მოქმედებს. დროთა განმავლობაში მისი ვერბალური ძალადობა შენზე ზეგავლენას ახდენს.
საერთო ჯამში კი მასთან ურთიერთობა თქვენს ზოგად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას აქვეითებს და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება, რაც მნიშვნელოვანია, რათა ნარცისმა ურთიერთობაში თქვენი შენარჩუნება შეძლოს.
--------------------------------------------------------
- ყოველთვის გაქვს შეგრძნება, რომ რაღაც არასწორად გააკეთე.
ისინი ყოველთვის პოულობენ გზებს თავის გასასამართლებლად და თავს დაზარალებულადაც კი წარმოაჩენენ. მათთვის ყველაფერი დაიწყო, მაშინ როცა თქვენ მათ დამაზიანებელ საქციელზე რეაქცია გქონდათ. ყველაფერი იწყება თქვენი რეაქციით, რადგან მათ არ მიაჩნიათ რომ რამე დააშავეს, მათ მხოლოდ ის მიიღეს რაც "ეკუთვნოდათ", რაც მიაჩნიათ რომ მათია, ასე უნდა იყოს და სხვანაირად შეუძლებელია.
ბოლოს, ყოველთვის თქვენ მოიხდით ბოდიშს. როდესაც გაიაზრებთ, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ, მაინც მოიხდით, რათა დრამა და ახალი სტრესი აიცილოთ თავიდან.
--------------------------------------------------------
- თქვენ გაქვთ, აუხსნელი წარმოშობის, ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა:
მადის ცვლილება. ცუდი შეგრძნება კუჭში. მუცლის ტკივილი . კუჭ-ნაწლავის პრობლემები. კუნთების ტკივილი. უძილობა. დაღლილობა.
ალკოჰოლის გამოყენება გიჩენთ ილუზიას ამ პრობლემების დროებით მოგვარება-დავიწყების, მაგრამ შესაძლოა ახალი პრობლემები დაიმატოთ.
--------------------------------------------------------
- თავს მოუსვენრად გრძნობ, სიმშვიდის შეგრძნება დაკარგული გაქვს.
ნარცისისგან მოსალოდნელია, როგორც კარგი ისე ცუდი საქციელი და თქვენ არასდროს იცით რას ელოდოთ, არ იცით დღეს რა გელით. გაქვთ მუდმივი მოუსვენრობის შეგრძნება, შინაგანი ღელვა და ცუდის მოლოდინის შიში. ამის გამო თქვენ გადადიხართ მუდმივი განგაშის რეჟიმზე, რომ მომზადებული შეხვდეთ ფსიქოლოგიურ სტრესს. არ იფიქროთ, რომ ეს გააზრებულად ხდება, თქვენ ვერ იაზრებთ, თქვენი ორგანიზმი ცდილობს თავდაცვას გარე სტრესისგან და მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში გადადის. თქვენ აღარ იცით, როგორ მოდუნდეთ და დაისვენოთ. ტროპიკულ კუნძულზე, დასვენების დროსაც, არ გაქვთ სიმშვიდე, მისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მოლოდინი ძილშიც არ გტოვებთ.
--------------------------------------------------------
- საკუთარ თავს ვეღარ ცნობ.
ბევრი ადამიანი, ძალადობის გამოცდის შემდეგ, საკუთარ იდენტობას გარემოს და მოძალადე პარტნიორს მოარგებს ხოლმე.
ის გეუბნებათ, რომ მასზე მეტად თქვენი მეგობრები გიყვართ, როდესაც თქვენს მეგობრებთან საღამოს გატარებას გადაწყვეტთ.
რა თქმა უნდა, მეგობრები გიყვართ, მაგრამ მის გამო ამ შეხვედრებზე უარს ამბობთ. ამასთანავე თქვენთვის ნათელია, რომ მეგობრებთან მის გარეშე გასვლის შემთხვევაში თქვენზე ფსიქოლოგიური ძალადობის ახალი ტალღა გარდაუვალია.
საკუთარი ოჯახის წევრების სანახავად მიემგზავრებით, ის თავიდან გეუბნებათ, რომ მალე დაბრუნდეთ. თქვენი მასთან არ ყოფნის დროს მუდმივად გეკონტაქტებათ და გიზიარებთ რომ მოწყენილია, მარტოა და არავინ ჰყავს, ჩახუტება სჭირდება. თუ დაგეგმილზე რამდენიმე დღით მეტხანს დარჩებით თქვენთან კონტაქტს გაწყვეტს და უკან დაბრუნებულს მისი შურისძიება არ აგცდებათ. დროთა განმავლობაში, ფარული ნარცისი, იმასაც გააჟღერებს რომ არ უნდა თქვენი ოჯახი ნახოთ, უნდა სულ მასთან ერთად იყოთ.
--------------------------------------------------------
- გიჭირთ საზღვრების დაწესება.
ის თქვენს საზღვრებს მუდმივად არღვევს და თქვენ არ გაქვთ პირადი სივრცე. უნდა რომ სახლში მეტი დრო გაატაროთ და გარეთ არ გახვიდეთ, მაგრამ ის პატარა ბავშვივითაა, ყოველთვის აქვს წვრილმანი მოთხოვნები, რომლითაც თქვენს ყურადღებას საკუთარ თავზე გადაიტანს და თქვენ საკუთარ საქმეზე კონცენტრირებას ვერ შეძლებთ. მისი ავადმყოფური მოთხოვნილება, მუდმივი ყურადღების, თქვენს ცხოვრებას, დროთა განმავლობაში, ჯოჯოხეთად აქცევს, ხელს აგაღებინებთ პირად საზღვრებზე და საკუთარ ინტერესებს, ჰობის, იმას რისი კეთებაც გუშინ გიყვარდათ დაგავიწყებთ. თქვენს ოცნებებს და მიზნებს დაგავიწყებთ. ბავშვური, საყვარელი გოგოს ქცევებით თქვენს სასიცოხლო ენერგიას ბოლომდე გამოგწოვთ. დაგავიწყებთ ვინ ხართ, რა გინდათ და რისი კეთება გიყვარდათ ამ ცხოვრებაში, თქვენს ოცნებებს დაგავიწყებთ, თუ ისინიც მას არ ემსახურება.
--------------------------------------------------------
- თქვენ გაქვთ შფოთვა და დეპრესიის ნიშნები.
მნიშვნელოვანმა სტრესმა, რომელსაც თქვენ აწყდებით, შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის, ნერვიულობის და შიშის მუდმივი განცდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასოდეს იცით რას უნდა ელოდოთ მათი ქცევისგან.
თქვენ შეიძლება იგრძნოთ უიმედობა, დაკარგოთ ინტერესი იმ საგნების მიმართ, რაც სიხარულს განიჭებდათ და გაგიჭირდეთ მომავლის იმედისმომცემი შედეგების დანახვა.