20/03/2026
📢დამალული ნარცისიზმი
ზოგჯერ ჩნდება განცდა, თითქოს ადამიანი არ ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით. ის ფუნქციონირებს, საუბრობს, აწყობს ურთიერთობებს, აღწევს აღიარებას, მაგრამ შიგნით, სხვებისთვის დახურულ სივრცეში, რჩება ვიღაც სხვა, გამოუთქმელი და ძალიან მგრძნობიარე. ეს შიდა სივრცე ტკივილის ოთახს ჰგავს, არა იმიტომ, რომ იქ მხოლოდ ტანჯვაა, არამედ იმიტომ, რომ სწორედ იქ დამალა ადამიანმა ოდესღაც თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა გადარჩენილიყო.
ადამიანი არ იბადება დამალვის სურვილით, ის იწყებს დამალვას მაშინ, როცა ბავშვობაში აწყდება გამოცდილებას, რომელიც მისი ფსიქიკისთვის ძალიან მძიმეა: სიცივე, მიუღებლობა, პირობითი სიყვარული, მოთხოვნა იმისა, რომ იყოს მოსახერხებელი. ბავშვისთვის უარყოფა თითქმის გაქრობის ტოლფასია და მაშინ ფსიქიკა აკეთებს ერთადერთ არჩევანს: ქმნის დაცვას დისოციაციის გზით, გარეგან „მე“-სა და იმ „მე“-ს შორის, რომელსაც არავის აჩვენებს.
ერთი ნაწილი რჩება შიგნით, მგრძნობიარე, დაუცველი, ნამდვილი. მეორე კი გამოდის სამყაროში ერთგვარი „სკაფანდრით“ ადაპტირებული, სწორი, უსაფრთხო ვერსიით. თავიდან ეს მექანიზმი გადაარჩენს. ის საშუალებას აძლევს ადამიანს „იყოს საყვარელი“ (მოსახერხებელი ნიღბისთვის), არ გააღიზიანოს „უფროსები“ (რომელთა როლსაც ახლა ახლობლები და ავტორიტეტული ფიგურები იკავებენ), შეესაბამებოდეს მოლოდინებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი ციხედ იქცევა და ადამიანი იწყებს გადარჩენასა და ცხოვრების შორის აღრევას.
ასე ყალიბდება ის, რასაც „დამალულ ნარცისიზმს“ ვუწოდებთ. ეს არის ჩუმი, დამღლელი მცდელობა, დაიმსახურო სიყვარული იდეალური იმიჯის საშუალებით, რომელიც რეალური „მე“-ს ნაცვლად არის წარმოდგენილი.
ადამიანი ცდილობს იყოს საჭირო, თითქმის უნაკლო. მაგრამ შიგნით მატულობს დაძაბულობა, რადგან ის დარწმუნებულია, რომ იღებენ არა მას, არამედ მის მიერ შექმნილ ვერსიას.
დროთა განმავლობაში ჩნდება ფარული წყენა სამყაროს მიმართ, არაცნობიერი ბრაზი იმ ადამიანებზე, ვინც მის ნიღაბს დაუჯერა. ამ მდგომარეობაში ადამიანი თითქოს თამაშობს განმეორებად სცენარს: ქმნის ისეთ იმიჯს, რომ სხვებისთვის მისაღები და აღიარებული გახდეს, შემდეგ განმარტოვდება და განიცდის ტკივილს, რომ ვერ აჩვენებს საკუთარ ნამდვილ თავს, ხარჯავს ემოციურ ენერგიას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ ბრაზში, ბრუნდება დაცლილი, დაღლილი და გაუცხოებული, შესაძლოა ითხოვს მხარდაჭერას, მაგრამ ბოლომდე ვერ ხსნის საკუთარ შინაგან გაყოფას. სიყვარული ასეთ შემთხვევაში ხშირად გამოცდად ექცევა. რაც უფრო ახლოს მოდის ადამიანი, მით უფრო ძლიერდება შიში, რომ მას „გამოაშკარავებენ“. ამიტომ ადამიანი ისევ და ისევ უარყოფს საკუთარ თავს, ეთანხმება, თმობს, ერგება. ეს გარედან შეიძლება ჰგავდეს სიმწიფეს ან ემპათიას, მაგრამ შიგნით იწვევს გამოფიტვას, სიცარიელეს და გაქცევის სურვილს.
შიდა კონფლიქტი ქრონიკული ხდება: ერთი ნაწილი უნდა იყოს დანახული და შეყვარებული, მეორე კი კრძალავს ამის საშუალებას. სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა იწყებს ემოციური ცხოვრების მართვას. თერაპიაშიც კი ასეთი ადამიანები ხშირად ცდილობენ იყვნენ „იდეალური კლიენტები“, ერიდებიან ნამდვილ გრძნობებზე საუბარს. ამის უკან დგას ღრმა შიში: „თუ ნამდვილს დავანახებ ჩემს თვს, ვერ გამიძლებენ და მიმატოვებენ“.
გამოსავალი იწყება იმ მომენტში, როცა ადამიანი პირველად აძლევს თავს უფლებას იგრძნოს საკუთარი ტკივილი და გაუზიაროს ის სხვას.
თერაპიის ამოცანაა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც „ტკივილის ოთახი“ აღარ იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ნამდვილი იყო. ხშირად ფრაზა, „მეშინია ვიყო ნამდვილი“ ,უფრო დიდი ნაბიჯია. დამალული ნარცისიზმი, ეს არ არის ზედმეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ეს არის ტრაგედია , როცა ვერ იჯერებ, რომ შეიძლება უყვარდე ისეთი, როგორიც ხარ. როცა ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე საუბარს, საკუთარი თავის არჩევას, იბადება ნამდვილი „მე“. არა იდეალური, არამედ ცოცხალი. და ცოცხალ "მე"-ს ნაწილს ყოველთვის შეუძლია შეიცვალოს, დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობები და ჰქონდეს მომავალი.
# #მენტალურიჯანმრთელობა # #ფსიქოლოგია # #ფსიქოთერპია # #მემტალურიჰიგიენა # #