09/09/2012
პირის ღრუს მოვლა
საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუში დიდი რაოდენობით საჭმლის ნარჩენები რჩება. ბაქტერიული ფლორის და ნერწყვის გავლენით მათგან წარმოიქმნება რბილი ნადები და ქვები. ცუდი ჰიგიენა კი ხელს უწყობს კარიესისა და პაროდონტიტის განვითარებას.
საზოგადოების უმრავლესობისათვის კბილების მოვლა შემოიფარგლება ჯაგრისის 30 წამიანი „გამოვლებით“ პირის ღრუში. თითქმის ყველა აკეთებს ამას დღეში 2-ჯერ. სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ კი ძალიან უკვირთ, თუ რატომ აღმოაჩნდათ მათ კარიესი, ნადები და სხვა მრავალი პრობლემა, ისინი ხომ ყველაფერს აკეთებდნენ ამის თავიდან ასაცილებლად?!
და მაინც, რისთვისაა საჭირო კბილების გამოხეხვა? ყოველი ჭამის შემდეგ კბილებზე რჩება საკვების ნაწილაკები და წარმოიქმნება კბილის ნადები. ყოველი გრამი ამ ნადებისა შეიცავს მილიონობით მიკრობს. ისინი იკვებებიან ნადებში არსებული ნახშირწყლებით და გამოყოფენ მჟავებს, რომელსაც უკვე მივყავართ კარიესამდე. მაშასადამე, ყოველი გაწმენდის შემდეგ ჩვენ ვამცირებთ კარიესის განვითარების რისკს.
კბილების საწმენდად ჩვენს დროში უამრავი საშუალება და სიახლეა პირის ღრუს ჰიგიენის დასაცავად:
ჯაგრისი:
ჯაგრისი ხელოვნური ბოჭკოებისგან უნდა იყოს დამზადებული. სამუშაო ნაწილი დაახლოებით 2-2,5 სმ სიგრძისა უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, სასურველია, იყოს სამმომენტიანი, ანუ ჰქონდეს ბოჭკოების განსხვავებული განლაგება, მიმართულება და სიმაღლე. ასეთი ჯაგრისი პრაქტიკულად სრულყოფილად ეხება კბილების ყველა ზედაპირს და მათ სრულფასოვან წმენდას უზრუნველყოფს. ჯაგრისი სამნაირია: რბილი, ნახევრად რბილი და მაგარი. ნორმალური პირის ღრუსთვის რეკომენდებულია ნახევრად რბილი ანუ საშუალო (მედიუმ) ჯაგრისი. თუ ადამიანს ღრძილების პათოლოგია, მაგალითად, გინგივიტი ან პაროდონტიტი აქვს, სასურველია, რბილი ჯაგრისი გამოიყენოს, რათა ზედმეტად არ გააღიზიანოს ისედაც გაღიზიანებული ლორწოვანი გარსი. ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ.
კბილები უნდა გავიხეხოთ დილა-საღამოს, ძილის წინ - აუცილებლად. ზედა და ქვედა ყბაზე ჯაგრისი ღრძილიდან კბილების საჭრელი კიდის მიმართულებით უნდა ვამოძრაოთ და არა წრიულად. შემდეგ საღეჭი ზედაპირების გახეხვაზე უნდა გადავიდეთ, ბოლოს კი პირის ღრუს შიგნითა მხარეზე, რომელიც თითქოსდა გამოგვითი მოძრაობებით უნდა გამოვიხეხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კბილების გახეხვის ხანგრძლივობა. ის არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები. ყოველი ხმარების წინ და შემდეგ ჯაგრისი გამდინარე თბილი წყლით უნდა გავრეცხოთ და შესაბამის ჭურჭელში სამუშაო თავით ზემოთ მოვათავსოთ.სასურველია გავსაპნოთ,ვინაიდან საპნის ფენა ჯაგრისს მტვრისა და მიკრობებისგან იცავს.
როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ჯაგრისი, მას არ ძალუძს იმ ადგილებში შეღწევა, რომელთაც სწვდებათ ფლოსი და სპეციალური კბილთაშორისი ჯაგრულები.
ფლოსი:
ფლოსი, ანუ როგორც მას უწოდებენ, კბილის ძაფი - არის პირის ღრუს მოვლის დამატებითი საშუალება. კბილების გახეხვის დროს ჩვენ ვხმარობთ კბილის ჯაგრისს, თუმცა იგი მხოლოდ ჩვენი კბილების 3 ზედაპირს ასუფთავებს 5-დან. როგორც არ უნდა ვიხეხოთ კბილები, ჯაგრისი უბრალოდ ვერ აღწევს კბილთაშორის სივრცეებში. სწორედ მათ გასასუფთავებლად იქნა გამოგონილი კბილების ძაფი (ფლოსი). მისი საშუალებით შეგვიძლია გავიწმინდოთ ის ძნელად მისადგომი ადგილები, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა საჭმლისა და ნადების.
აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში, კარიესის განვითარების ყველაზე გავრცელებული ადგილი სწორედ კბილის გვერდითი ზედაპირებია. ამის გარდა ჰიგიენის დარღვევას მოსდევს ღრძილის დვრილის გაღიზიანება, გინგივიტი და მისი ყველა გართულება.
როგორ გამოვიყენოთ ფლოსი?
1. უნდა გამოვწიოთ 30-40 სმ ფლოსი, რომელიც ადვილად იჭრება კოლოფის თავსახურზე მოთავსებული სპეციალური დანის საშუალებით.
2. ძაფის დიდი ნაწილი უნდა დავიხვიოთ მარცხენა ხელის შუა თითზე,
3. ხოლო დანარჩენი ნაწილი კი მარჯვენა ხელის შუა თითზე ისე, რომ თითებს შორის მანძილი დარჩეს 10 სმ.
4. ფლოსს ვჭიმავთ საჩვენებელი და ცერა თითებით და ფრთხილად შეგვაქვს კბილთაშორის სივრცეში.
5. იწმინდება კბილების ზედაპირები საჭრელი ან საღეჭი კიდის მიმართულებით, ქვევიდან ზევით ქვედა ყბის ან ზევიდან ქვევით, ზედა ყბის შემთხვევაში.
სანამ დავიწყებთ ფლოსის ხმარებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ღრძილი. ტრავმის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მივმართოთ ჩვენს სტომატოლოგს, რათა აგვიხსნას და გვასწავლოს მოხმარების წესები.
კბილთაშორისი ჯაგრულები
კბილთაშორისი ჯაგრულები გამოიყენება კბილებს შორის არსებული დიდი ადგილების, მოუხსნელი პროთეზებისა და იმპლანტებზე არსებული კბილების, ორთოდონტიული კონსტრუქციებს შორის არსებული სივრცეების გასაწმენდად. კბილთაშორისი ჯაგრულა პატარა კონუსისებური ან ცილინდრული ფორმისაა. იგი მასაჟორის როლსაც ასრულებს ღრძილებზე.
40 სანტიმეტრი თავისუფლად იძლევა ამის საშუალებას.
ენის მოვლა
პირის ღრუს მოვლის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ენის გაწმენდაც. ენას რელიეფური ზედაპირი აქვს, რომელზეც ილექება და ფეხს იკიდებს ნადები. ეს კი შეიძლება უსიამოვნო სუნის მიზეზიც გახდეს. ენის გასაწმენდად არსებობს სპეციალური ჯაგრისები - ჯაგრისები ენისათვის.
ენის გაწმენდის პროცედურა წარმოებს კბილების გახეხვის შემდეგ. ენის გაწმენდა განსაკუთრებით მიზანშეწონილია მწეველებისათვის, ენის ლორწოვანის დაავადებებისას („თმიანი ენა“), ენაზე ღრმა ჭრილების დროს.
კბილთაშორისი სტიმულატორები
კბილთაშორისი სტიმულატორები მზადდება რბილი პლასტიკის ან რეზინისაგან და აქვს კონუსის ფორმა. ეს ჰიგიენური საშუალებები არა მარტო აშორებენ კბილთაშორის ნადებს, არამედ ამასაჟებენ ღრძილებს. მათ გამოიყენებენ ღრძილების დაავადებებისას (გინგივიტი, პაროდონტიტი) და დიდი კბილთაშორისი სივრცეების დროს.
აღსანიშნავია, რომ აუცილებელია მოვუაროთ არა მარტო ჩვენს ბუნებრივს, არამედ ხელოვნურ კბილებსაც. ამასთან საყურადღებოა, რომ მათი მოვლა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, რადგან პროთეზის ტარებისას პირის ღრუს ჰიგიენა ირღვევა. ორთოპედიული კონსტრუქციების და ბრეკეტ სისტემების გასაწმენდად გამოიყენება ყველა ზემოხსენებული საშუალებები და დამატებით სპეციალური სუპერფლოსები და ე.წ. ირიგატორები
კბილის პასტები
არსებობს კბილის პასტის შემდეგი სახეობები: ჰიგიენური, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სამკურნალო. ბაზარზე არსებული პასტების უმრავლესობა არის ჰიგიენური.
კბილების წმენდის დროს პასტის აბრაზიული კომპონენტის დახმარებით შორდება ნადები. პასტის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოქმნიან ქაფს, რომელიც იწოვს ჩამოწმენდილ ნადებს. დანიშნულების მიხედვით პასტა პროფილაქტიკური და სამკურნალოა კბილებისა და ღრძილებისათვის. კბილის პასტის შერჩევა დამოკიდებულია ზოგადად პირის ღრუს მდგომარეობაზე. პასტის არჩევაში თქვენი სტომატოლოგი დაგეხმარებათ.
კბილების გახეხვის შემდგომ გამოსაყენებელი პირის ღრუს სავლებები აძლიერებენ კბილის პასტების ჰიგიენურსა და პროფილაქტიკურ მოქმედებას.სავლების გამოყენება საშუალებას იძლევა მოვაშოროთ ნადები, რომელიც ჯაგრისისთვის მიუწვდომელი დარჩა. სავლებების შემცველი აქტიური კომპონენტები გვეხმარება კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა (კბილების გაწმენდა) არის ყველაზე ხელმისაწვდომი და საკმარისად ეფექტური მეთოდი კარიესის პროფილაქტიკისათვის. ხარისხიანი კბილის პასტის და ჯაგრისის რეგულარული და სწორი გამოყენება დაგეხმარებათ სტომატოლოგთან ვიზიტების რაოდენობის შემცირებაში.
წყარო: http://orthodont.ge
http://kbilebi.wordpress.com
http://mkurnali.ambebi.ge