02/11/2025
ჩემთან ფსიქოთერაპიის პირობები და ურთიერთშეთანხმება
(წესები)
მე გახლავართ ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი. ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოცოაციის აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტო. ვმუშაობ ინდივიდუალურად ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებსა და ხანდაზმულ კლიენტებთან, ასევე წყვილებთან, ოჯახებსა და ჯგუფებთან. ჩემი მუშაობის ფორმატი მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ შეხვედრებს.
მოგახსენებთ, რომ გახლავართ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, ვხელმძღვანელობ ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების კლინიკას, ვარ საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ასევე კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის( თბილისი, ბაქო, ერევანი) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მათ შორის საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის (თანა)დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი.
გახლავართ კავკასიის რეგიონში ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი და პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპული აკრედიტაციუს მქონე სუპერვიზორი გეშტალტთერაპიაში. ვატარებ ოჯახური ფსიქოთერაპიის ჯგუფებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, თომას ტოდი, რასელ ჰაბერი და ლარს ბროკი, ჯო ბერგმანი, სტივ სიმმსი, დანიელ მარტინესი. მაქვს 25 წლიანი გამოცდილება როგორც ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, სუპერვიზორს, ქოუჩს, ტრენერსა და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორსა და მასწავლებელს.
2000 წლიდან ვკითხულობ ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ამჟამად ვარ საქართველოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში( SANGU) ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკონსულტირების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის “ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის საფუძვლების” , “კომპლიმენტარული და წყვილების ფსიქოთერაპიის” ლექტორი და საქართველოს უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის “ წყვილების და ოჯახების ფსიქოთერაპიის” ლექტორი.
ასევე ვატარებ და ვუკეთებ ორგანიზებას სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ ტრენინგებს გეშტალტ ფსიქოთერაპიასა და ოჯახურ ფსიქოთერაპიაში საქართველოში, ასევე შემდეგ ქვეყნებში: იტალია, ლატვია, უკრაინა, ისრაელი, ინდოეთი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.
ჩემი პროფესიული კვალიფიკაცია
1992 წელს ჩავირიცხე და 1999 წელს დავასრულე სწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, დავიცავი სადიპლომო(ბასისა და დარკის აგრესიის საკვლევი კითხვარის ადაპტაცია ქართულ პოპულაციაზე)და ავიღე დიპლომი სპეციალობით ფსიქოლოგი; ფსიქოთერაპევტი. 2006-2007 წლებში ვსწავლობდი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე, სწავლების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად მივიღე სერტიფიკატი სოციალური მუშაკის სპეციალიზაციით.
2012-2017 წლებში დავასრულე დოქტორანტურა საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სპეციალობით.
2012-2017 წლებში ვსწავლობდი კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში გეშტალტთერაპიის EAGT სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო პროგრამაზე, რომლის დასრულებისა და დიპლომის დაცვის შემდეგ მივიღე EAGT-ს ევროპული აკრედიტაცია გეშტალტთერაპიაში.
2019-დან 2022 წლამდე ვსწავლობდი იტალიის გეშტალტ ინსტიტუტში EAGT-ს პროფესიული ტრენინგ-სტანდარტების შესაბამის სუპერვიზორების კვალიფიკაციის ასამაღლებელ საერთაშორისო პროგრამაზე რომლის დასრულების შემდეგ, 2022 წელს მივიღე გეშტალტ თერაპიის სუპერვიზორის ევროპული აკრედიტაცია.
1991 წლიდან უწყვეტი განათლების პრინციპით მუდმივად ვმუშაობ ჩემს პიროვნულ ზრდაზე, ასევე პროფესიულ განვითარებასა და კომპეტენციის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მყავს ჩემი პირადი ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი და ინტერვიზიის ჯგუფი.
საჭიროების შემთხვევაში შემიძლია წარვადგინო ჩემი სრული რეზიუმე და შესაბამისი სერტიფიკატები.
კონფიდენციალურობა
მე არ ვარ უფლებამოსილი გავამხილო თქვენი პიროვნება მესამე მხარესთან ნებისმიერი გარემოების შემთხვევაში. პროფესიული ინტერვიზიის და სუპერვიზიის (რაც გახლავთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და რომლის დროსაც მე, როგორც თერაპევტი განვიხილავ ჩვენი სამუშაო პროცესის სირთულეებსა და შეფერხებებს ფსიქოთერაპევტების პროფესიულ წრეებში ინდივიდუალურად ან ჯგუფური სუპერვიზიის ფორმატში) საჭიროების შემთხვევაში არ ვიყენებ კლიენტის ნამდვილ სახელს და ადვილად ამოცნობად დეტალებს, პროცესს ვაორგანიზებ ისე, რომ კონფიდენციალურობა იყოს მაქსიმალურად დაცული (ინტერვიზიასა და სუპერვიზიაზე არ ხდება კლიენტის პიროვნების გამხელა, შემთხვევის აღწერა ხდება ზოგადად).
ჩემი კომპეტენციის საზღვრებისა და თქვენი სიტუაციის სირთულის შეფასების მიზნით, ჩემთვის აუცილებელია ვფლობდე ინფორმაციას თქვენი ფსიქიატრიული დიაგნოზების, ქიმიური დამოკიდებულებების და სუიციდის მცდელობების შესახებ.
ორმაგი ურთიერთობების აკრძალვა ნიშნავს, რომ მე არ გიწევთ არანაირ სხვა მომსახურებას, გარდა ფსიქოლოგიურისა, არ ვღებულობ არანაირ მომსახურებას თქვენგან, გამიზნულად არ შემოვდივარ ურთიერთობაში თქვენთან ფსიქოთერაპიის მიღმა, არ მაქვს თქვენთან მეგობრული, სამუშაო ან რომანტიკული ურთიერთობა ფსიქოთერაპიის პერიოდში და მისი დასრულებიდან შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში.
თანამშრომლობა
პირველი 1-10 სესია წარმოადგენს გაცნობისა და დიაგნოსტირების პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შესაძლებლობა გაქვთ შეიგრძნოთ და შეაფასოთ რამდენად ვარ თქვენთვის საუკეთესო თერაპევტი და პირიქით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩენ ჩემი კომპეტენციის შეზღუდვებს (ან სხვა მიზეზით), მე ვერ შევძლებ თქვენთან მუშაობას, ამ შემთხვევაში რეკომენდაციას გავუწევ ჩემს კოლეგებს, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ.
ფსიქოთერაპია ხშირად იწვევს სხვადასხვა ძლიერ ემოციებს და გრძნობებს. გრძნობებმა, თავის მხრივ, შესაძლოა გვიბიძგონ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისკენ და ქმედებებისკენ, რომლებიც შესაძლოა არ იყოს დროული ან სწორი. გთხოვთ თავი შეიკავოთ ფსიქოთერაპიის პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებისგან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ ფსიქოთერაპიის პროცესში, გეკუთვნით მხოლოდ თქვენ და თერაპევტი არ არის პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ღებულობს კლიენტი.
გარდა იმისა, რომ ვფლობ და პრაქტიკაში ვიყენებ რამდენიმე ფსიქოთერაპიულ მოდალობას(გეშტალტთერაპია, ფსიქოანალიზი, ფსიქოსინთეზი, კლიენტზე ცენტრირებული ფსიქოთერაპია, ოჯახური ფსიქოთერაპია(მიურეი ბოუენი, ვირჯინია სატირი, მაურიციო ანდოლფი, სალვადორ მინუჩინი), “დათრგუნულთა თეატრი”(აუგუსტო ბოალი, პაოლო ფრეიერი), ფსიქოდრამა, ერიქსონის ჰიპნოზი, ჰოლოტროპიული სუნთქვა, ოჯახური განლაგებები, არტ-თერაპია, ტრანსაქციული ანალიზი, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და ა. შ.) ჩემს ფსიქოთერაპიულ და სუპერვიზიულ მუშაობაში ჩემს პრიორიტეტს წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ჰუმანისტური და ექზისტენციალური მოდალობები. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ფენომენოლოგიურად, კლიენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და თერაპიული მიზნების შესაბამისად, შემიძლია მუშაობის დირექტიული ფორმების გამოყენებაც.
ჩემი ძირითადი პრიორიტეტია ფენომენოლოგიური, ესთეტიკური მხარდამჭერი მუშაობა კლიენტთან თუ სუპერვიზანტთან ველის პარადიგმაში, ჯანსაღი კონტაქტის აგება, კლიენტთან ერთად ესთეტიკური პროცესისა და ფსიქოლოგიური ცეკვის შექმნა და ამავდროულად გეშტალტ თერაპიის დიალოგური მოდელის გამოყენება. თქვენგან მოველი მზაობას ჩემთან ერთად შეისწავლოთ თქვენი შინაგანი სამყარო, რეაქციები და სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი მოვლენები, ასევე ის ურთიერთქმედება, რომელიც მიმდინარეობს ჩემსა და თქვენს შორის.
მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის ორი ადამიანის ურთიერთქმედებაში, შესაბამისად არაფრისკენ არ გიბიძგებთ. თქვენი ღიაობის ხარისხი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. დიალოგის მიმართ მზაობა - ერთადერთი, თუმცა სავალდებულო პირობაა ჩვენი მუშაობისთვის.
თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი ჩემით ან ჩვენი სამუშაო პროცესის მიმდინარეობით, მე ღია ვარ და გიწვევთ განიხილოთ ეს ჩემთან.
ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ თუ მოცემულ მომენტში გადიხართ თერაპიას თუ სუპერვიხიას სხვა ფსიქოთერაპევტთან თუ სუპერვიზორთან, თავდაპირველად უნდა დაასრულოთ მასთან თერაპიული ურთიერთობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი მუშაობის დაწყებას, რადგან ორ თერაპევტთან პარალელური თერაპიული პროცესის წარმართვა(გამონაკლის შემთხვეცაში ეს ხდება) ჩემი მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ჩვენს ინდივიდუალურ თერაპიულ მუშაობას თან ერთვის ჯგუფური თერაპია, ექიმ-ფსიქიატრთან კონსულტაციები, ინტენსივებსა და სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა.
ჩვენს შორის კომუნიკაციის წესები
ჩვენი შეხვედრების შეთანხმებისა ან გაუქმებისთვის, გთხოვთ ისარგებლოთ ჩემი ქვემოთ აღნიშნული ელ.ფოსტის მისამართით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით (შესაძლებელია What’s Up-ით კომუნიკაციაც). თუ გაგიჩნდებათ კითხვები თერაპიული პროცესის შესახებ, გთხოვთ დაელოდოთ შემდეგ სესიას. გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია დამიკავშირდეთ დამატებითი სესიის ჩანიშვნის მიზნით, თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყოველთვის ვერ შევძლებ დაუყოვნებლიც ვუპასუხო თქვენს ზარს/შეტყობინებას.
სოციალურ ქსელებში ჩემი ქცევის პრინციპები
სოციალური ქსელებით ვსარგებლობ როგორც პირადი ურთიერთობის, ასევე პროფესიული საქმიანობისა და თვითპრეზენტაციის მიზნით. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე სოციალურ ქსელში ვართ „მეგობრები“ ან ერთმანეთის გამომწერები. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი თერაპიული მუშაობის დაწყების შემთხვევაში შესაძლებელია გავაუქმო ჩვენი ურთიერთობა სოციალურ ქსელებში, რათა თავი ავარიდოთ ორმაგ ურთიერთობებს და/ან კონტექსტების შესაძლო გადაკვეთას.
კონსულტირების / ფსიქოთერაპიის დასრულება
თქვენ უფლებამოსილი ხართ, ყველანაირი დამატებითი პირობის გარეშე დაასრულოთ თერაპია მაშინ, როდესაც ჩათვლით ამას საჭიროდ. ჩემი მხრიდან გთავაზობთ დაუთმოთ ერთი ან რამდენიმე შეხვედრა პროცესის დასრულებასა და შედეგების შეჯამებას. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ თერაპიის დასრულების შესახებ სპონტანური გადაწყვეტილება იშვიათად არის ხოლმე გამართლებული. უფრო ხშირად ის მიუთითებს შინაგან სირთულეებზე, ე.წ. წინააღმდეგობებზე(თერაპევტის თუ ფსიქოთერაპიული პროცესის მიმართ). აღნიშნული სირთულეების აღმოჩენა შესაძლოა სასარგებლო იყოს თქვენი ფსიქოთერაპიული პროცესისთვის.
გადახდის წესი და თქვენი, როგორც კლიენტის პასუხისმგებლობა
ჩემთან ფსიქოკონსულრაციირი თუ ქოუჩინგ შეხვედრის, ფსიქოთერაპიული თუ სუპერვიზიის ვიზიტის მინიმალური ღირებულებაა - /120 $/€ ექვივალენტი ლარში. მე მაქვს ინდივიდუალური მიდგომა ღირებულების მიმართ - 120/500 $/€ 50 წუთიანი ინდივიდუალური სესიისთვის. ღირებულება შესაძლოა გადაიხედოს ჩვენი მოლაპარაკების შესაბამისად, მაგალითად თქვენი ფინანსური მდგომარეობის მოულოდნელი ცვლილების შემთხვევაში.
ჩემთან ერთი ფსიქოთერაპიული ვიზიტის მინიმალური ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის არის - 200 ლარი.
ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში გადავხედავ ჩემი სესიის ღირებულებას, ცვლილების შემთხვევაში წინასწარ შეგატყობინებთ, რომ გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ ახალი პირობები. თქვენი ვალდებულებაა დაფაროთ შეხვედრის ღირებულება სესიამდე 3/4 დღით ადრე საბანკო ამგარიშსწორებით. საერთაშორისო გადახდებისთვის ვსარგებლობ სისტემებით უნისტრიმი, რია, მანიგრამი, TransferWise, PayPal და სხვა ფულადი გზავნილების სისტემებით, ასევე შესაძლებელია თანხის გადმორიცხვა ჩემს საბანკო ანგარიშებზე თი ბი სი ან საქართველოს ბანკში. ანგარიშის ნომერსა და ფულადი გზავნილების შესახებ საჭირო სხვა დეტალებს გაგიზიარებთ მოთხოვნისამებრ.
თქვენ, როგორც თერაპიაში მყოფი კლიენტი(თუ სუპერვიზანტი) იღებთ ვალდებულებას არ გააცდინოთ სესიები და არ დააგვიანოთ. თუ სესიის გაცდენის შესახებ მატყობინებთ 48 საათით ადრე, არ ანაზღაურებთ სესიის ღირებულების, თუ შეტყობინება გაცდენის შესახებ ხდება 48 საათზე ნაკლებ დროს, ამ შემთხვევაში თქვენს მიერ ხდება სესიის ღირებულების 100%-ის დაფარვა.
საკონტაქტო ინფორმაცია და თანხმობა ურთიერთშეთანხმებაზე
ჩემთან მუშაობის დაწყებით თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. თუ გაგიჩნდებათ კითხვები, გთხოთ განიხილოთ ისინი ჩემთან ერთად.
პატივისცემით,
სოფიო ვერულაშვილი
ელ.ფოსტა: sophie.verulashvili@gmail.com
www.gestaltinstitute.ge
www.eagt.org