25/12/2022
უცნაური ბედი აქვს რუსულ წიგნებს. "- ეს წიგნი ორასი წლის შემდეგაც არ გამოქვეყნდება" - "ჟდავნოვშჩინის" პერიოდში, რუსი ცენზორის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა, არ ნიშნავს მხოლოდ იმას რომ წიგნის დედანი სადღაც ჩრჩილნაჭამ არქივებში გაუჩინარდება, განსახილველად არ გადაეცემა და ა.შ. ეს ფრაზა ყველაფერთან ერთად ნიშნავს გულაგს, გაციმბირებას, გადასახლებას, გაუბედურებას და ტანჯვას. წიგნის სამი დედანიდან, ორი NKVD-ს ოფიცრებმა ამოიღეს ჩხრეკის შედეგად. ერთი დედანი გროსმანის მეგობარი მწერლის დაჩაზე, მის გახუნებულ პალტოებს შორის, "მეშოკში" გახვეული ეკიდა, მერე ჩუმად გაიპარა ემიგრაციაში, კონტრაბანდული გზით თუ ხერხით აღმოჩნდა შევიცარიაში, იქ დაიბეჭდა და უკანვე დაბრუნდა. წიგნის სახელია "ცხოვრება და ბედისწერა". მანამდე იყო "სტალინგრადი", რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმიტომ, რომ "სტალინგრადში" ერთი სიტყვა არ წერია სტალინზე. გროსმანი ახერხებდა დისტანცირებას, საოცარ დისტანცირებას. ტოლსტოისებურ დისტანცირებას ისტორიის "მთავარი გმირებისაგან" და წერდა უბრალო ადამიანებზე, მაშინ როდესაც "პიროვნების კულტი" პოლიტიკის დედაარსი იყო. პატარა ბოლკნოტით, 1941 წლიდან, სადღაც რუსული ფრონტის სიღრმეებიდან, გროსმანი წითელ არმიელებთან ერთად მიყვება ფრონტს. ჩარჩება სტალინგრადში გენერალ ჩუიკოვის რაზმთან ერთად, შიმშილში, საზარელ ტერორში და ჯანმრთელობა შერყეული, ნერვების უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, მეორე მსოფლიო ომის გარდამტეხ წუთებში, წერს ჯარისკაცებზე, ადამიანებზე. არ წერს ჟუკოვზე, სტალინზე რადგან სწამს ტოლსტოისებური თხრობის, ათიათასობით, ასიათასობით და მილიონობით ადამიანის ბედია სასწორზე და არა გენერლების, მარშლების და მხედართმთავრების. ბერდიჩევში დატოვა დედა, უკრაინა საზარელი ტერორის მსხვერპლია, ბაბი ირის ხეობაში გერმანელები ასიათასობით ებრაელს, არაებრაელს, კომუნისტსა და არაკომუნისტს, პარტიულს და არაპარტიულს, მჭედელს და მეწაღეს, ფერმერს, მებაღეს, დიასახლის, ობოლ ბავშვებს, მოსწავლეებსა და მასწავლებელებს სწირავენ მსხვერპლად. გროსმანის დედაც მათ შორისაა. გროსმანი გარდაცვლილ დედას სწერს წერილს: " - მესიზმრა ჩვენი პატარა სახლი, ცარიელი სკამი შენი საქსოვით და მივხვდი რომ აღარა ხარ.. ჩემს მეხსიერებაშ მუდამ იცოცხლებ, მე არ დაგივიწყებ არასოდეს" .. სტალინგრადიდან უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში. ტრებლინკა, ენით აღუწერელი საშინელება მისი ბლოკნოტის ფურცლებზე საშინელი სიცხადით იწერება: " - ირგვლივ ყველაფერი ყვავის, მინდორი მწვანედ ბიბინებს, ყვავილები ყვავიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ მაგრამ სუნი, ეს გაზაფხულის სურნელი არ არის, მიწა მოუშუშებელი ჭრილობებისგან სკდება და ირგვლივ სიკვდილის სუნი დგას.." . ომში გამგზავრებამდე, სათვალით, ჭარბწონიანი და არაპრაქტიკული, ომიდან დაბრუნების შემდეგ ნაადრევად დაბერებული და უკიდურესად დანგრეული, დამწვარი. მისი სტატიები ვერ ასახავს მის გრძნობებს, ვერ პასუხობს მის ემოციებს და იწყებს ძიებას, როგორ შეიძლება გამოისახოს, როგორ შეილება გამოთქვას, იყვიროს. როგორ შეიძლება გაეცეს ისტორიის საზარელ კითხვას პასუხი: "-რატომ?" და წერს რომანს. რომანებს, რომელსაც ბედი ცოტა ხნით უმუხთლებთ, ისტორიის "ცოტა ხანი" მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება და მოკვდება ისე რომ ვერ ნახავს დაბეჭდილს მის უკანასკნელ შედევრს. მაგრამ ეს რუსული ისტორიაა, უფრო საბჭოური რომელიც რაღაც გენეტიკური საოცრებით ჩემთვის უცხო არ არის. რატომღაც, საბჭოთ კავშირის უკანასკნელი ამოსუნთქვის და კოლაფსის მერე, კარგა ხნით მერე დაბადებულს, არ მეუცნაურება განცდა რომ ვიღაცას, მღილს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში შეუძლია თქვას : "- ეს წიგნი ორასი წლის შემდეგაც არ გამოქვეყნდება" .. ალბათ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა, ან ალბათ დაინგრა და მე ნანგრევებში ვცხოვრობ, უსახლკაროსავით... საოცარი მწერალია. სიტყვები არ მყოფნის....